ყაზახეთის ქალაქ აქტაუს მთავარ მოედანზე ათასობით ადამიანია შეკრებილი
ყაზახეთის ქალაქ აქტაუს მთავარ მოედანზე ათასობით ადამიანია შეკრებილი. როგორც რადიო თავისუფლების ყაზახეთის ბიურო იუწყება, მთავრობის მიერ დადებული პირობის მიუხედავად, რომ გათხევადებული აირი არ გაძვირდება, დემონსტრანტები დაშლას მაინც არ აპირებენ. აქციის მონაწილეების თქმით, მთავრობის გადადგომა არაფერს შეცვლის. მათივე განმარტებით, ხელისუფლება სრული შემადგენლობით უნდა გადადგეს და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს.
აქტივისტები ასევე ითხოვენ, რომ ხელისუფლებამ ქალაქ ალმათიში დემონსტრანტების დევნა შეწყვიტოს.
მომიტინგეები რჩებიან ქალაქ ჟანაოზენის ქუჩებშიც, საიდანაც 2 იანვარს დაიწყო საპროტესტო აქციები. ისინი მოითხოვენ, რომ ყაზახეთის მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგეს, ასევე შეიცვალოს საარჩევნო კანონმდებლობა, რათა არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჰქონდეთ დამოუკიდებელ კანდიდატებს, პრეზიდენტის უფლებები შეიზღუდოს, ხოლო პარლამენტი გაფართოვდეს და ქვეყანა 1993 წელს მიღებულ კონსტიტუციას დაუბრუნდეს.
შეგახსენებთ, რომ ყაზახეთის დასავლეთ ნაწილში აქციები 2 იანვარს დაიწყო. მომიტინგეები თავდაპირველად გათხევადებული აირის მოულოდნელ გაძვირებას აპროტესტებდნენ. მოგვიანებით, მათ მთავრობის გადადგომა და ყაზახეთის ყოფილ პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევის პოლიტიკიდან წასვლა მოითხოვეს.
ყაზახეთის პრეზიდენტმა მთავრობის გადაყენების გადაწყვეტილება მიიღო და გამოვიდა წინადადებით, რომ მომდევნო 180 დღის განმავლობაში კომუნალურ სერვისებზე გადასახადები არ გაიზრდება. მიუხედავად ამისა, აქციები ყაზახეთის სხვადასხვა ქალაქში ამ დრომდე გრძელდება. ალმათის ოლქში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი და მოქმედებს კომენდანტის საათი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამართალდამცველებმა მომიტინგეების წინააღმდეგ ღამის განმავლობაში გამოიყენეს ძალა, არიან დაკავებულები და დაშავებულებიც. კერძოდ, ოფიციალური ინფორმაციით, ალმათიში 190 ადამიანია დაშავებული, საიდანაც 137 პოლიციელია.