ჟოზეფ ბორელი - ევროკავშირი მზად არის, დაეხმაროს ყაზახეთს კრიზისის მშვიდობიან მოგვარებაში
ჟოზეფ ბორელი - ევროკავშირი მზად არის, დაეხმაროს ყაზახეთს კრიზისის მშვიდობიან მოგვარებაში

ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელი. მისი თქმით, ევროკავშირი მზად არის, დაეხმაროს ყაზახეთს კრიზისის მშვიდობიან მოგვარებაში. ევროპელი მაღალჩინოსნის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ყაზახეთი ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორია.

ჟოზეფ ბორელი ასევე მკაცრად გმობს ძალადობას და მწუხარებას გამოთქვამს მოქალაქეების დაღუპვის გამო. ბორელი ხაზს უსვამს, რომ გარე ძალებმა პატივის უნდა სცენ ყაზახეთის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.

„შეშფოთებულები ვართ იმ ძალადობით, რომელიც მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ წარმოიშვა ყაზახეთში. ვწუხვართ ხალხის დაღუპვის გამო და მკაცრად ვგმობთ ძალადობის ფართოდ გავრცელებულ აქტებს. მნიშვნელოვანია შემდგომი ესკალაციების თავიდან აცილება, ძალადობის ყოველგვარი წაქეზების თავიდან აცილება, თავშეკავება ყოველთვის და თავის არიდება არეულობის სხვა მიზნებისთვის გამოყენებისთვის. ჩვენ მზად ვართ, დახმარება გავუწიოთ კრიზისის მშვიდობიანი მოგვარებისთვის. გარე სამხედრო მხარდაჭერამ პატივი უნდა სცეს ყაზახეთის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას, ისევე როგორც ყველა მოქალაქის ფუნდამენტურ უფლებებს.

მოვუწოდებთ ყაზახეთის ხელისუფლებას, შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები ამ რთულ დროს. მათ შორის, პატივი სცენ თავიანთი მოქალაქეების ადამიანის უფლებებს და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, განსაკუთრებით, შეკრების თავისუფლებას, გამოხატვის თავისუფლებას და მედიის თავისუფლებას“, – ვკითხულობთ განცხადებაში.