ყაზახეთის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის ინფორმაციით, ქვეყანაში ვითარება სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება
ყაზახეთის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის ინფორმაციით, ქვეყანაში ვითარება სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება

ყაზახეთის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის ინფორმაციით, ქვეყანაში ვითარება დასტაბილურდა და კონტროლს ექვემდებარება.

ყაზახეთის მთავრობის ინფორმაციით, ტერორისტული საფრთხის ცენტრები განეიტრალდა და ქალაქებში ყველა ადმინისტრაციული ობიექტი გათავისუფლებულია.

ყაზახეთის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტში აცხადებენ, რომ ასევე უზრუნველყოფილია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტების, იარაღისა და საბრძოლო მასალის შესანახი ადგილების უსაფრთხოება.

გავრცელებული ცნობით, ალმათის ცენტრალურ მოედანზე კორდონი მოიხსნა, ალმათის და თალდიყორღანის აეროპორტების გარდა ქვეყნის ყველა დანარჩენი აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.

ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ოპერატიული შტაბის სხდომა გამართა. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ქვეყნების ლიდერები ვიდეოკონფერენციის ფორმატში რიგგარეშე შეხვედრას მართავენ და ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ.

ამასთან, ყაზახეთის შსს-ს 10 იანვრის მონაცემებით, საპროტესტო აქციების დროს 7 939 ადამიანი დააკავეს. „ოპერატიული ღონისძიებების მსვლელობისას, პოლიციის თანამშრომლებმა ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეებისა და სპეცრაზმის მონაწილეობით, ალმათის ორ ბაზარში 207 ადამიანი დააკავეს. ამოღებულია მოპარული ავტომობილები, ასევე ტექნიკა და ცივი იარაღი“, – ნათქვამია ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.