წითელას ვაქცინაციაზე უარის შემთხვევაში, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლოა, სტატუსი შეუჩერონ
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს წითელას ვაქცინაციაზე უარის თქმის შემთხვევაში შესაძლოა, სტუდენტის სტატუსი შეუჩერონ. ამის შესახებ უნივერსიტეტის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი.
„საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 იანვრის #16 განკარგულების საფუძველზე, უნდა გამოვლინდნენ ის პირები, რომლებიც საჭიროებენ წითელას კომპონენტის შემცველი ვაქცინის ვაქცინაციას. სტუდენტები ვალდებულნი არიან, ვაქცინის ჩატარების დამადასტურებელი სამედიცინო ცნობა წარმოადგინონ უმოკლეს ვადაში. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბსუ-ს ადმინისტრაცია განიხილავს ამ პირთათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერების საკითხს“, – აღნიშნულია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადებაში.
ბსუ სტუდენტებს, რომელთაც ვაქცინაცია არ აქვთ ჩატარებული, აცრას უფასოდ ადგილზევე სთავაზობს. ვაქცინაციის დამადასტურებელი ცნობის აღებაც უნივერსიტეტშია შესაძლებელი.