Walt Disney-ის ანიმაციური ფილმების სიმღერების ქართულენოვანი ვერსიების შესაქმნელად გამოცხადებული შერჩევის მეორე ეტაპზე გადასული კომპანიები გამოვლინდა
Walt Disney-ის ანიმაციური ფილმების სიმღერების ქართულენოვანი ვერსიების შესაქმნელად გამოცხადებული შერჩევის მეორე ეტაპზე გადასული კომპანიები გამოვლინდა

Walt Disney-ის ანიმაციური ფილმების სიმღერების ქართულენოვანი ვერსიების შესაქმნელად გამოცხადებული კონკურსის მეორე ეტაპზე გადასული კომპანიები გამოვლინდა. წინადადებების მიღება 5 მარტს დასრულდა.

განაცხადი სულ შვიდმა კომპანიამ შემოიტანა:

1. „ბრავორექორდსი“

2. GIGAPRODUCTION

3. Go Studio

4. „ვინილ საუნდი“

5. „სანოსტუდიო“

6. სტუდია „ფონოგრაფი“

7. „ჩემი სტუდია“

 

შემდეგ ეტაპზე კი ოთხი კანდიდატი გადავიდა:

1. სტუდია „ფონოგრაფი“

2. „ბრავორექორდსი“

3. GIGAPRODUCTION

4. „სანოსტუდიო“

„უაღრესად მნიშვნელოვანია ქართული გახმოვანების მხატვრული და ტექნიკური ხარისხი, მით უმეტეს, ქართულენოვანი მაყურებლის ისეთი სენსიტიური სეგმენტისთვის, როგორიცაა ბავშვები და მოზარდები. სწორედ ამიტომ, „დისნეი სტუდიის“ ანიმაციური ფილმების ადაპტაციაზე მუშაობა ჩვენი გუნდისთვის დიდი პატივი და ამავე დროს, ურთულესი გამოწვევა იქნება. მჯერა, საქართველოს პირველი არხის ეთერში, ქართველი მაყურებელი პირველად იხილავს სრულიად განსხვავებული სტანდარტის ქართულ გახმოვანებას“, – განაცხადა „სტუდია ფონოგრაფის“ დირექტორმა, პაატა გოძიაშვილმა.

„პირველ რიგში, მისასალმებელია საზოგადოებრივი მაუწყებლის ინიციატივა, აამაღლოს სტანდარტი, რაც გამოიხატება კინოკომპანია „დისნეის“ პროდუქციის შესყიდვაში და ფილმების მასობრივი დუბლირების მიმართულებაში. ეს არის ძალიან მისასალმებელი და სწორი ნაბიჯი, რომლითაც პირველ რიგში მაყურებელი დარჩება მოგებული. „ბრავო რექორდსის“ ძლიერი მხარეა გახმოვანება და დუბლიაჟი. უკვე რამოდენიმე წელია, საქართველოში მოქმედი ყველა კინოთეატრისთვის დუბლიაჟს ექსკლუზიურად სწორედ „ბრავო რექორდსი“ ახორციელებს. ჩვენ ამის შესაბამისობაში მოვიპოვეთ TPN-ის სერტიფიკატი, რამაც მოგვცა საშუალება, პირდაპირი თანამშრომლობა დაგვეწყო მსოფლიოს წამყვან კინოკომპანიებთან და მოგვეპოვებინა საერთაშორისო აღიარება ამ მიმართულებით და აქედან გამომდინარე გვაქვს ჯანსაღი ამბიცია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ეს სამუშაო სწორედ ჩვენ გავწიოთ, მით უმეტეს, „ბრავო რექორდსს“ აქვს ამის შესაბამისი ტექნიკური ბაზა, აქვს უზარმაზარი გამოცდილება და ჰყავს სუპერ პროფესიონალი პერსონალი ამ სფეროში“, – განაცხადა „ბრავო რექორდსის“ დამფუძნებელმა, ზაზა შენგელიამ.

„კონკურსის მეორე ტურში გადასვლა არის მნიშვნელოვანი კომპანია GIGAPRODUCTION-ისთვის“, – აცხადებს GIGAPRODUCTION-ის დირექტორი გიგა კუხიანიძე.

„ძალიან სასიხარულოა. რაც სტუდია დაარსდა, სულ მინდოდა, გამეკეთებინა ხარისხიანი თარგმანი. მინახავს ბევრი ფილმი არასწორი თარგმანით, ჩაწერით და გახმოვანებით. მეც მიმუშავია ამ სფეროში და ეს ცალკე მიმართულებაა, ცალკე ისწავლება. ქართველი მაყურებელი იმსახურებს ამას, მადლობა პირველ არხს, რომ ამას აკეთებს და სწორად აკეთებს, ჩვენ უამრავი კარგი მსახიობი გვყავს, როგოც დამწყები ასევე გამოცდილი“, – აღნიშნა „სანოსტუდიის“ ხელმძღვანელმა, მერაბ სანოძემ.

საქართველოს პირველი არხის ერთ-ერთი სტრატეგიული მიზანია მედიაინდუსტრიისა და მასთან მომიჯნავე სფეროების განვითარების ხელშეწყობა და ამ მიმართულებით ინვესტიციის განხორციელება. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს პირველმა არხმა გამოაცხადა წინადადებების მიღება ინდუსტრიის უმსხვილესი კომპანიის The Walt Disney-ის ანიმაციური ფილმების გასახმოვანებლად და ამ ფილმებში გამოყენებული სიმღერების ქართულენოვანი ვერსიების შესაქმნელად.

თანამშრომლობის ფარგლებში, „დისნეის“ მოთხოვნის თანახმად, უნდა განხორციელდეს ყველა დროის საუკეთესო ანიმაციური ფილმების ქართულენოვანი დუბლირება, რაც ორიგინალი მუსიკალური კომპოზიციების ქართული ვერსიების შექმნასაც გულისხმობს.

შერჩევის შედეგები ცნობილი გახდება არაუგვიანეს 20 მარტისა.