ირლანდიის, ესპანეთის, სლოვენიისა და ნიდერლანდების შემდეგ, 2026 წლის ევროვიზიის კონკურსს, ისრაელის მონაწილეობის გამო, ისლანდიაც ბოიკოტს უცხადებს
ირლანდიის, ესპანეთის, სლოვენიისა და ნიდერლანდების შემდეგ, 2026 წლის ევროვიზიის კონკურსს, ისრაელის მონაწილეობის გამო, ისლანდიაც ბოიკოტს უცხადებს

ისლანდია მეხუთე ქვეყანა გახდა, რომელმაც ევროვიზიის კონკურსს ბოიკოტს უცხადებს.

ისლანდიური საზოგადოებრივი მაუწყებლის, RÚV-ის ინფორმაციით, ქვეყანამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ევროპის მაუწყებელთა კავშირმა (EBU) ისრაელს კონკურსში მონაწილეობის უფლება მისცა.

„ისრაელის ეროვნული მაუწყებლის კონკურსში მონაწილეობამ უთანხმოება შეუქმნა როგორც EBU-ს წევრებს, ასევე ფართო საზოგადოებას“, – ნათქვამია RÚV-ის განცხადებაში.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ევროვიზია 2026-ში მონაწილეობას არ მიიღებენ ესპანეთი, ირლანდია, სლოვენია, ნიდერლანდები და ისლანდია.

პარალელურად კი, ევროპის რამდენიმე ქვეყანამ ევროვიზიის კონკურსში მონაწილეობა დაადასტურა. ეს ქვეყნებია: გერმანია, ფინეთი, ნორვეგია, დანია და საქართველო.

4 დეკემბერს ჟენევაში, გენერალურ ასამბლეაზე გამართულ შეხვედრაზე ევროპის მაუწყებელთა კავშირის წევრებმა მხარი დაუჭირეს ევროვიზიის კონკურსის წესებში ცვლილებებს, რომლებიც მიზნად ისახავს ღონისძიების ნდობის, გამჭვირვალობისა და ნეიტრალიტეტის გაძლიერებას.