ვოლოდიმირ ზელენსკი - ჟან-კლოდ იუნკერმა გადაწყვიტა რუსული ნარატივების გახმოვანება, რადგან ყველას დაავიწყდა, ვინ არის ის, მაგრამ ის მოხუცი კაცია, მშვიდობას ვუსურვებ
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის „კორუფციის“ შესახებ საუბარი არის „ცნობილი რუსული ნარატივი“, რომელსაც მოსკოვი იყენებს დასავლეთის ქვეყნების დასარწმუნებლად, შეწყვიტონ კიევის მხარდაჭერა. აღნიშნული განცხადება ზელენსკიმ ევროკომისიის ყოფილი პრეზიდენტის, ჟან-კლოდ იუნკერის განცხადების საპასუხოდ გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ „კორუმპირებული უკრაინა არ არის მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის“.
„ახლა მან გადაწყვიტა რუსული ნარატივების გახმოვანება, რადგან ყველას დაავიწყდა, ვინ არის ის. ვფიქრობ, ეს სისულელეა, მაგრამ ის მოხუცი კაცია. მშვიდობას ვუსურვებ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა კორუფციასთან დაკავშირებულ განცხადებაზე განმარტა, რომ პარტნიორებისგან მიღებული დახმარება არცერთი სამთავრობო დაწესებულებიდან არ არის მოპარული.
„რა თქმა უნდა, ბევრი სხვადასხვა საქმე და სხვადასხვა ადამიანი არსებობს ომის დროს. ძნელია სასამართლო სისტემისთვის ყველაფრის კონტროლი, მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, ჩვენ ამას ვებრძვით და გვესმის, რომ არცერთი დოლარი, არცერთი ევრო, რომლებიც ჩვენი პარტნიორებისგან მივიღეთ, არცერთი სამთავრობო დაწესებულებიდან არ არის მოპარული“, – აღნიშნა ზელენსკიმ ესპანეთში გამართულ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
ზელენსკიმ ასევე გაიხსენა, რომ იგი ევროკომისიის ყოფილ თავმჯდომარეს პრეზიდენტობის დასაწყისში შეხვდა.
„ურსულა ფონ დერ ლაიენი რამდენჯერმე იყო უკრაინაში, შარლ მიშელიც, ასევე, ბევრჯერ, შესაძლოა, იმავე რაოდენობითაც. რობერტა მეცოლა, ევროკავშირის ყველა ლიდერი, არაერთხელ. ეს არის ევროკავშირის სახე. მასთან მაქვს შეკითხვა, რატომ ვერ გამონახა დრო, ერთხელ მაინც ჩამოსულიყო უკრაინაში? მხარდაჭერისთვის, დასახმარებლად, იმის სათქმელად, რომ ევროკავშირი თქვენთანაა?“ – დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.