ვოიაჯერ 2-მა მზის სისტემა ოფიციალურად დატოვა — რა საიდუმლოებს წააწყდა ხომალდი საზღვარზე
ვოიაჯერ 2-მა მზის სისტემა ოფიციალურად დატოვა — რა საიდუმლოებს წააწყდა ხომალდი საზღვარზე

ხომალდმა ვოიაჯერ 2-მა მზის სისტემა დატოვა. მის მიერ გამოგზავნილი მონაცემების დეტალური ანალიზის შემდეგ, მეცნიერები ფაქტს ადასტურებენ — ვოიაჯერ 1-ის მსგავსად, ეს ციცქნა ხომალდიც უკვე ჰელიოპაუზის მიღმაა და ჩვენთვის უცნობ ვარსკვლავთშორის სივრცეს მიაპობს.

ჟურნალ Nature Astronomy-ში გამოქვეყნებულ ხუთ სხვადასხვა კვლევაში მეცნიერები ადასტურებენ, რომ ვოიაჯერ 2-მა ვარსკვლავთშორის სივრცეში ერთი წლის წინ, 2018 წლის 5 ნოემბერს შეაბიჯა, მზიდან 119 ასტრონომიული ერთეულის (17,8 მილიარდი კილომეტრი) მანძილზე.

მისმა კოლეგა ხომალდმა, ვოიაჯერ 1-მა ეს ზღვარი ექვსი წლის წინ გადალახა, მაგრამ ამ დროს დაუზიანდა პლაზმის ინსტრუმენტი. შესაბამისად, მეცნიერებს პირველად მიეცათ შანსი შეესწავლათ პლაზმა ამ უმნიშვნელოვანეს საზღვარზე.

ვოიაჯერის პროგრამის ორი ხომალდი 1977 წელს გაუშვეს მზის სისტემის გარე ნაწილის შესასწავლად. პირველად ვოიაჯერ 2 გაუშვეს, ორი კვირის შემდეგ კი ვოიაჯერ 1, თუმცა ამ უკანასკნელს უფრო მოკლე ტრაექტორია ჰქონდა.

გარდა ამისა, ვოიაჯერ 2 შეანელა 1989 წელს ნეპტუნის თავზე გადაფრენამაც, ვოიაჯერ 1-მა კი გეგმის მიხედვით სვლა განაგრძო. 1989 წლის გადაფრენის შემდეგ, ორმა ხომალდმა ძირითად მიზანს მიაღწია, მაგრამ მოღვაწეობის დასრულებისგან ჯერ შორს იყვნენ.

კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ასტრონომის, ედ სტოუნის განცხადებით, ამ წერტილიდან ეს მისია ვოიაჯერის ვარსკვლავთშორისი მისია გახდა.

არავინ იცოდა, რამდენ ხანში მიაღწევდნენ ხომალდები ვარსკვლავთშორის სივრცეს. ზებგერითი სიჩქარის იონიზებული პლაზმის ქარით, ჩვენი მზე საკუთარი სისტემის გარშემო ერთგვარ კოსმოსურ ბუშტს წარმოქმნის.

ამ ბუშტს ჰელიოსფეროს უწოდებენ, მის საზღვარს კი, სადაც მზის ქარების მიერ წარმოქმნილ წნევას უკვე აღარ ჰყოფნის ძალა, რათა ვარსკვლავთშორისი სივრცის წნევას შეეწინააღმდეგოს — ჰელიოპაუზა ეწოდება.

სტოუნის თქმით, კონტაქტის ეს ზონა არის საზღვარი და ისინი ცდილობენ გაიგონ როგორია მისი ბუნება, სადაც ორი ქარი ერთმანეთს ეჯახება და ერევა.

ვოიაჯერ 1-მა ჰელიოპაუზა ოფიციალურად 2012 წლის 25 აგვისტოს გადაკვეთა 121,6 ასტრონომიული ერთეულის (18,1 მილიარდი კმ) მანძილზე.

ისტორიული გადაკვეთის ფაქტის დადასტურება მეცნიერებმა მხოლოდ რვა თვის შემდეგ შეძლეს, რადგან შენიშნეს პლაზმაში ელექტრონების რხევები, რომლის იქითაც უკვე ვარსკვლავთშორისი პლაზმა იწყებოდა.

უცნობი იყო, როდის მიჰყვებოდა მის კვალს ვოიაჯერ 2, რადგან ჰელიოსფერო ცოტა არ იყოს მერყევია და ოდნავ მუდმივად იცვლის ფორმას. თუმცა, გასული წლის ოქტომბერში, მის მონაცემებში გამოჩნდა კოსმოსური რადიაციის ზრდა, რაც 2012 წელს გამოსცადა ვოიაჯერ 1-მა.

მეცნიერები მის მიერ გამოგზავნილ მონაცემთა ყოველ წვეთს აქტიურად სწავლობდნენ. პირდაპირი წესით მოხერხდა პლაზმის სიმკვრივის დადგენაც. საინტერესოა, რომ ვოიაჯერ 2-ის ხუთი ინსტრუმენტი გლუვ, უფრო თხელ, მაგრამ ძლიერი მაგნიტური ველის მქონე ჰელიოპაუზაზე მიუთითებდა. პლაზმაზე დაკვირვებით დადგინდა, რომ ჰელიოპაუზა ხომალდმა ერთ დღეზე ნაკლებ დროში გადაკვეთა.

გარდა ამისა, ვოიაჯერ 2-ის კოსმოსური სხივების ინსტრუმენტმა დააფიქსირა რაღაც ისეთი, რაც ვოიაჯერ 1-მა ვერ შეძლო — ჰელიოპაუზასა და ვარსკვლავთშორის სივრცეს შორის არსებობდა ფენა, სადაც ხდებოდა ორი ქარის ურთიერთქმედება.

ვოიაჯერ 1 შეხვდა ჰელიოგარსში შემოჭრილ გალაქტიკურ კოსმოსურ სხივებსა და ვარსკვლავთშორის მაგნიტურ ველს; ვოიაჯერ 2-მა კი აღმოაჩინა, რომ ვარსკვლავთშორისი მაგნიტური ველი ჰელიოპაუზას გარს ეკვრის, მზის სისტემის შიგნიდან გამომავალი კოსმოსური სხივები კი მის გასწვრივ მიემართება. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ჰელიოპაუზა არა მხოლოდ ერთი გლუვი კონტაქტური საზღვარია, არამედ გაცილებით კომპლექსური და დინამიკურია.

ორი ხომალდის მონაცემებს შორის ასეთი სხვაობის მიზეზი ბოლომდე ცნობილი არ არის, მაგრამ არსებობს რამდენიმე შესაძლო ახსნა. ერთი ასეთი მიზეზი შეიძლება იყოს დროში ჩამორჩენა — ვოიაჯერ 1-მა საზღვარი მზის მაქსიმუმის დროს გადაკვეთა, მისი 11-წლიანი აქტივობის პიკისას, როცა მზის ქარი გაცილებით ძლიერია. ვოიაჯერ 2-მა კი საზღვარი მზის მინიმუმის დროს გადაკვეთა.

უცნობი რჩება სხვა მრავალი დეტალი. ჰელიოსფერო დაახლოებით კომეტის კუდს ჰგავს, რადგან მთლიანი მზის სისტემა გალაქტიკის ცენტრის გარშემო მოძრაობს. ორივე ხომალდმა გადაკვეთა წინა ნაწილი (ცხვირი) და შესაბამისად, არაფერი ვიცით, რა ხდება კუდში.

რა თქმა უნდა, ჰელიოპაუზა არის მზის გავლენის მხოლოდ ერთი საზღვარი. ჩვენი ვარსკვლავის გრავიტაციული გავლენა გაცილებით, გაცილებით უფრო დიდია და ოორტის ღრუბლამდე ვრცელდება (100 000 ასტრონომიული ერთეული, ანუ 15 ტრილიონი კილომეტრი).

სამწუხაროა, რომ ამ მანძილზე მიღწევისას ვოიაჯერის ხომალდები მოქმედი აღარ იქნება; იმ დროს ვეღარც ვერც ერთი ჩვენგანი მოვესწრებით.

მიუხედავად ამისა, ვოიაჯერების მიღწევა უზარმაზარია. ისინი ერთადერთი ხომალდებია, რომლებმაც პირდაპირ შეისწავლეს ჰელიოსფეროს გარე ნაწილი, ჰელიოპაუზა და მათ მიღმა სივრცე.

ხუთივე კვლევა ჟურნალ Nature Astronomy-ში გამოქვეყნდა. მათი ხილვა შეგიძლიათ მოცემულ ბმულებზე: 1; 2; 3; 4; 5.

მომზადებულია nasa.gov-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.