ეროვნულ საფეხბურთო ლიგა 2-ში მე-4 ტურის თამაშები გაიმართა და ლიდერი ისევ შეიცვალა.
მარტვილში „მერანმა“ ქობულეთის „შუქურას“ უმასპინძლა და ნიკა მგელაძის გოლით (53-ე წუთზე) 1:0 დაამარცხა. საგოლე გადაცემა მარტვილელთა ახალწვეულმა დათა სიჭინავამ გააკეთა.
თელავში, გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე ”თელავი“ „ვიტ ჯორჯიას“ შეხვდა და 0:1 წააგო. ერთადერთი გოლი 21-ე წუთზე შოთა დავლაშელიძემ გაიტანა.
ბათუმის „დინამო“ დროებით ქუთაისში თამაშობს, სადაც დღეს თბილისის „შევარდენი 1906“ მიიღო და 3:1 სძლია. მასპინძელთაგან გოლები გიორგი ქავთარაძემ (5), ჯოვინო ფლამარიონმა (25) და ვაკო თევდორაძემ (90) გაიტანეს, ხოლო სტუმართაგან თავი მიხეილ როსტიაშვილმა (67) გამოიჩინა.
”ვიტ ჯორჯიამ” 10 ქულა დააგროვა და ეროვნულ ლიგა 2-ში ლიდერობა დაიბრუნა. მეორეზე დაქვეითდა რვაქულიანი “გაგრა”, რომელიც “ნორჩ დინამოსთან” გუშინდელი გამარჯვებით პირველ ადგილზე სულ ერთი დღე აღზევდა.
შვიდი ქულით ”მერანი” მე-3 ადგილზეა. აუტსაიდერები ”ნორჩი დინამო” და ”შუქურა” არიან, რომლებმაც ოთხ შეხვედრაში მხოლოდ 3-3 ქულა დააგროვეს.