„ვიტ ჯორჯია“ უდანაკარგოდ გალიდერდა #1TVSPORT
„ვიტ ჯორჯია“ უდანაკარგოდ გალიდერდა #1TVSPORT

ეროვნული ლიგა 2-ის მესამე ტურის შეხვედრები სართიჭალაში გამართული მატჩით დასრულდა, სადაც „შტურმმა“ ხობის „კოლხეთი“ 5:0 დაამარცხა.

ლიგა 2-ში წელს გადასული „შტურმი“ მე-3 წუთზე თემურ გაბუნიამ დააწინაურა, ოთხი გოლი კი მეორე ტაიმში გავიდა – თავის ზურაბ გოლუბიანმა (48), გურამ ლუკავამ (51), დავით ჩიგოევმა (71) და ლადო კაპანაძემ (89) გამოიჩინეს.

„დინამო თბილისი 2“-მა თბილისის „ლოკომოტივთან“ ქულა მოიპოვა – 1:1. მთავარი მოვლენები მატჩის მიწურულს განვითარდა. 87-ე წუთზე სანდრო ფეიქრიშვილის გადაცემით ნიკა ცეცხლაძემ „დინამო თბილისი 2“ დააწინაურა. „ლოკომოტივმა“ წონასწორობა მამია გავაშელიშვილის გოლით 90-ე წუთზე აღდგინა.

ბოლნისის „სიონმა“ საკუთარ არენაზე „რუსთავს“ უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ მთელი მეორე ტაიმი კაცნაკლული იყო, 1:0 გაიმარჯვა. ბოლნისელებმა ანგარიში 42-ე წუთზე თორნიკე კაპანაძის ზუსტი დარტყმით გახსნეს. ორ წუთში „სიონის“ ნახევარმცველი ივანე ფოცხვერია მოედნიდან გააძევეს, მაგრამ რუსთაველებმა რიცხვობრივი უპირატესობით ვერ ისარგებლეს.

სამი ტურის შემდეგ „ვიტ ჯორჯია“ გალიდერდა, რომელმაც ლიგის ერთ-ერთი ფავორიტი საგარეჯოს „გარეჯი“ დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა. გამარჯვებულებიდან საბა ძაგანიამ (5, 51) დუბლი შეასრულა, ერთიც შაკო დვალიშვილმა (68) გაიტანა. საგარეჯოელებიდან თავი ნუგზარ სპანდერაშვილმა (21) და ვალერი ოლხოვმა (90) გამოიჩინეს.

ეროვნული ლიგა 2 – ტური 3

დინამო თბილისი 2 – ლოკომოტივი 1:1

ბოლნისის სიონი – რუსთავი 1:0

ვიტ ჯორჯია – საგარეჯოს გარეჯი 3:2

სპაერი – დუშეთი 0:0

შტურმი – ხობის კოლხეთი 5:0