ეროვნული ლიგა 2 - „გარეჯმა“ კონკურენტი „სიონი“ დაამარცხა #1TVSPORT
ეროვნული ლიგა 2 - „გარეჯმა“ კონკურენტი „სიონი“ დაამარცხა #1TVSPORT

ეროვნული ლიგა 2-ის 11-ე ტურის მატჩი გაიმართა. საგარეჯოს „გარეჯმა“ კონკურენტთან მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა, ხოლო „ლოკომოტივი“ ისევ დამარცხდა და ბოლო ადგილზეა.

მე-11 ტური

პარასკევი, 5 მაისი

ლოკომოტივი – დინამო-2 თბ 0:2

„ილია კოკაია – არენაზე“ ანგარიში პენალტით „დინამოს“ თავდამსხმელმა, ჯადული იობაშვილმა 34-ე წუთზე გახსნა. ოთხ წუთში წონასწორობის აღდგენა ასევე პენალტით „ლოკომოტივის“ მოთამაშეს, თორნიკე კურტანიძეს შეეძლო, მაგრამ შანსით ვერ ისარგებლა. საბოლოო ანგარიში კი ირაკლი იაკობიძემ 89-ე წუთზე დააფიქსირა.

ვიტ ჯორჯია – მერანი თბ 5:1

გლდანის საფეხბურთო ცენტრში „ვიტ ჯორჯიამ“ თბილისის „მერანი“ მიიღო – ანგარიში მე-14 წუთზე „მერანის“ მცველმა, საბა თოლორდავამ გახსნა, მაგრამ შემდეგ „ვიტ ჯორჯიამ“ ხუთი უპასუხო გოლი გაიტანა. ბექა გუგბერიძემ (17, 66) და ცოტნე ჩოთალიშვილმა (82, 86) დუბლი შეასრულეს, ერთი გოლი კი თორნიკე შეყილაძის (90) ანგარიშზეა.

სპაერი – მერანი მრ 1:0

„სპაერის“ სტადიონზე მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა. ერთადერთი გოლი გიორგი ცეცხლაძემ 53-ე წუთზე გაიტანა.

გარეჯი – სიონი 2:0

საგარეჯოს ცენტრალურ სტადიონზე ლიდერების შეხვედრა მასპინძლებმა მოიგეს. თამაშის ბედი გიორგი ხარებაშვილმა გადაწყვიტა, რომელმაც 50-ე წუთზე პენალტი გამოიყენა, ხოლო 4 წუთში მისი გადაცემით საბოლოო ანგარიში ლევან პაპავამ დააფიქსირა. „გარეჯი“ 26 ქულით ერთპიროვნული ლიდერია, ხოლო „სიონი“ (19) მესამე ადგილზე დაქვეითდა.