ვიქტორ ყიფიანი - პუტინი იქნება, ივანოვი თუ პეტროვი, რუსეთში თვითონ სისტემა არის იმდენად არაჯანსაღი, რომ ლიდერის ჩამოშორებით თვისებრივი გაჯანსაღების მოლოდინი არ მაქვს
ვიქტორ ყიფიანი - პუტინი იქნება, ივანოვი თუ პეტროვი, რუსეთში თვითონ სისტემა არის იმდენად არაჯანსაღი, რომ ლიდერის ჩამოშორებით თვისებრივი გაჯანსაღების მოლოდინი არ მაქვს

ძალიან ხშირად, ქართულ ტელემედიაში არის საკითხის უზომოდ გამარტივებული აღქმა, რომ პუტინის წასვლის შემდეგ შეიძლება რაღაც კეთილდღეობას ჰქონდეს ადგილი, მაგრამ პირადად მე თვისებრივი გაჯანსაღების მოლოდინში არ ვარ, – ამის შესახებ ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„რუსეთში არსებული წყობა, რომელსაც სისტემა ჰქვია, გვეუბნება იმას, რომ იქ პუტინი იქნება, ივანოვი, პეტროვი თუ ასე შემდეგ, უშუალოდ სისტემა არის იმდენად არაჯანსაღი, რომ ლიდერის ჩამოშორებით კი შეიძლება გაიხსნას გარკვეული შესაძლებლობების ისტორიული ფანჯარა, შეიძლება პუტინის წასვლის შემდეგ ასეთი ფანჯარა გაიხსნას, მაგრამ სკეპტიკურად მინდა შევნიშნო, რომ პირადად მე, რაიმე სახის თვისებრივი გაჯანსაღების მოლოდინში არ ვარ. თუ ვცდები, მოხარული ვიქნები, მაგრამ ამის მოლოდინი არ მაქვს. სხვათა შორის, ჩვენ გვახსოვს, რომ ასეთი ფანჯარა გაიხსნა 1990-იან წლებში, ელცინის პერიოდში, როდესაც ალბათ დასავლეთსაც სხვაგვარად შეეძლო ამ ფანჯრის გამოყენება, რაზეც დღეს ძალიან ბევრი იწერება და რაზეც ცხარე დებატებია“, – განაცხადა ყიფიანმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად მაღალია იმის რისკი, რომ პუტინის წასვლის შემდეგ მის ირგვლივ შეკრულმა დეიდეოლოგიზებულმა ელიტამ რესურსების, იარაღისა და მათ შორის, ბირთვული იარაღის გადანაწილების ინტერესით ერთმანეთთან საკმაოდ სერიოზული პაექრობა გააჩაღოს, რაც ბოლოს, შესაძლოა, მსოფლიოსთვის გაცილებით უფრო დიდ ტრაგედიად იქცეს, ვიდრე საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ წარმოქმნილი კონფლიქტები, ხალხთა გადაადგილება და სხვა პროცესები იყო, ვიქტორ ყიფიანმა განაცხადა, რომ რუსეთის ამჟამინდელი ხელისუფალი, როგორი მიუღებელიც უნდა იყოს, ის სუფთა პრაგმატულად, რაციონალურ ჭრილში ახდენს გარკვეული ელემენტების დაბალანსებას ორი მიმართულებით.

„ერთი არის ის, რომ პუტინსა და მის გარემოცვას გამოსდით გარკვეული ბალანსირება რუსეთის ხელიუფლებაში – სამხედრო კომპლექსი იქნება ეს, ბიზნესელიტა, თუ ასე შემდეგ. მეორე – ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ, რომ რუსეთი არათუ ფედერაციაა, არამედ არის საკმაოდ ჭრელი ფედერაცია და ამ მხრივაც, ეს დამბალანსებლის როლი ჯერჯერობით გამოსდით, ასეთი ჩანაცვლების შემდეგ კი, როცა ეს შრე ჩამოშორდება და ვიღაც სხვა მოვა, ის რამდენად შეძლებს ასეთი ბალანსის შემოტანას, რა თქმა უნდა, ამ შეკითხვაზე პასუხი ძალიან რთულია“, – განაცხადა ყიფიანმა.

გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, წმინდა პრაგმატული პერსპექტივიდან, რამდენად მზად არის დასავლეთი იმისთვის, რომ რუსეთში რეჟიმიც შეცვალოს და თან, შეაკავოს ის შედეგები, რომელიც შესაძლოა რეჟიმის ცვლილებას მოჰყვეს – ბირთვული იარაღის საკითხი და ასე შემდეგ, რაც შეიძლება, მათ შორის, ჩვენს რეგიონზეც საკმაოდ მძიმედ აისახოს – ჩრდილო კავკასიაში არსებული, ამწუთას შეკავებული ძალის გათავისუფლება და ა.შ., ვიქტორ ყიფიანმა განაცხადა, რომ სამართალი დღეს არის დასავლური კოალიციის მხარეს, მაგრამ ვიდრე დასავლეთი ასეთი ტექტონიკური სირთულის ამოცანას შეეჭიდება, გარკვეული საშინაო დავალება უნდა შეასრულოს.

„ამ შეკითხვაზე პასუხისას, რა თქმა უნდა, ეჭვი არავის უნდა შეეპაროს, რომ ჩვენ ვართ სამართლისა და სიმართლის მხარეს, ეს სამართალი კი დღეს არის დასავლური კოალიციის მხარეს. ჩვენ, როგორც ქვეყანა და როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტი, თავს სავსებით სამართლიანად მივიჩნევთ დასავლური კოალიციის წევრ სახელმწიფოდ, მაგრამ ვფიქრობ, ჭეშმარიტი პარტნიორობა და მოკავშირეობა სწორედ იმისკენ გვიბიძგებს, რომ თუნდაც, ამ ეთერის დონეზე ვთქვათ ასეთი სიმართლე – მაშინ, როდესაც შენ ასეთი ტექტონიკური სირთულის ამოცანას შეეჭიდები, ბუნებრივია, შენი სამზარეულო დალაგებული უნდა გქონდეს. რა თქმა უნდა, რა შედარებაა დასავლურ ინსტიტუტებსა და რუსულ ინსტიტუტებს, დასავლურ დემოკრატიასა და რუსულს შორის, მაგრამ ვფიქრობ, ამ მხრივ, ჩვენს მოკავშირეებს გარკვეული საშინაო დავალება შესასრულებელი აქვთ, ვიდრე ამ ამოცანას ჩაეჭიდებიან, რაზეც თქვენ საუბრობდით“, – განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.