ირაკლი კობახიძე - როდესაც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ხარ და ამავდროულად უცხოური გავლენის აგენტი ხდები, ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ ასეთი დამოკიდებულებით პრემიერი ვერასდროს გახდები
ირაკლი კობახიძე - როდესაც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ხარ და ამავდროულად უცხოური გავლენის აგენტი ხდები, ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ ასეთი დამოკიდებულებით პრემიერი ვერასდროს გახდები

როდესაც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ხარ და ამავდროულად უცხოური გავლენის აგენტი ხდები, ეს ყველაფერი თავისთავად ნიშნავს, რომ ასეთი დამოკიდებულებით პრემიერი ვერასდროს გახდები, – ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე ჟურნალისტების კითხვას, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ყოფილ ადვოკატს, ვიქტორ ყიფიანს შეეხებოდა.

„არა მარტო „ქართული ოცნების“ ხელით, არამედ, ზოგადად, ვერასოდეს გახდები ასეთი დამოკიდებულებით პრემიერ-მინისტრი. არ შეიძლება, იყო ივანიშვილის ადვოკატი და ამავდროულად გახდე უცხოური გავლენის აგენტი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე: „თქვენ ამბობთ, რომ ეგ იყო მიზეზი, რის გამოც ვიქტორ ყიფიანი აღარ არის მისი ადვოკატი?“ კობახიძემ განაცხადა, რომ, მისი ინფორმაციით, მთავარი მიზეზი სხვა რამ იყო, რომელსაც ვერ დააკონკრეტებს.

„მიზეზი იყო ბევრად უფრო მძიმე. წარმოიდგინეთ, ამაზე უფრო მძიმე, ჩემი ინფორმაციით. ვერ გავაკეთებ ამაზე კომენტარს“, – აღნიშნა კობახიძემ.

ამასთან, კითხვაზე, „საადვოკატო საქმიანობაში რაღაცები ისე არ გააკეთა ვიქტორ ყიფიანმა, რის გამოც გაემიჯნა ბიძინა ივანიშვილი?“ კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს არ არის სწორი ინფორმაცია.

„იძულებული ვარ, თავი შევიკავო პასუხებისგან. მე შეიძლება, მქონდეს სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია ამ ფაქტთან დაკავშირებით, მაგრამ ჩემი პრეროგატივა ვერ იქნება ამასთან დაკავშირებით კომენტარების გაკეთება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.