ვიქტორ ყიფიანი - „კრედიტ სუისის“ უცნაურ მოქმედებათა კრებულს ვერ მოეძებნება ახსნა ვერც სამართლის ფორმაში, ვერც სასამართლო პრაქტიკაში, პოლიტიკური ზეწოლის გარდა, ამას სხვა შეფასებებს ვერ მივცემთ
ვიქტორ ყიფიანი - „კრედიტ სუისის“ უცნაურ მოქმედებათა კრებულს ვერ მოეძებნება ახსნა ვერც სამართლის ფორმაში, ვერც სასამართლო პრაქტიკაში, პოლიტიკური ზეწოლის გარდა, ამას სხვა შეფასებებს ვერ მივცემთ

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, ვიქტორ ყიფიანის განცხადებით, შვეიცარიული ბანკი „კრედიტ სუისი“ კლიენტისთვის თანხის გადარიცხვაზე უარის სათქმელად არაერთ უცნაურ მიზეზს ასახელებს.

მისივე თქმით, ამგვარი ქმედება ნორმალური საბანკო პრაქტიკისა და საფინანსო ინდუსტრიის ფარგლებში არ ჯდება.

როგორც ვიქტორ ყიფიანი ამბობს, ბანკის მხრიდან უცნაური ქმედებები, პოლიტიკური ზეწოლის გარდა, სხვაგვარად ვერ შეფასდება.

„ძალიან დიდი უცნაურობაა, როდესაც ბანკი ან მისი ტრასტი ზრუნავს, მათი ახსნით, ეგრეთ წოდებული დაუბადებელი ბავშვების ინტერესებზე. ამ მხრივ თურმე უფრო მაღალი ზრუნვის სტანდარტი შეუძლიათ გამოავლინონ, ვიდრე ოჯახის მესვეურმა. ამ უცნაურობას ლოგიკური და ბუნებრივი ახსნა ვერ მოეძებნება. ჩვენ როდესაც ვითხოვთ, გარკვეული თანხა გადმოირიცხოს ბატონი ივანიშვილის ანგარიშზე, რათა მიიმართოს ქველმოქმედებაზე, მორიგი უცნაური პასუხი გვესმის, რომ ეს თანხა მეტისმეტად დიდია ქველმოქმედებისათვის და ამ თანხის მიმართვის შედეგად, შეიძლება, ოჯახის წევრების ინტერესები დაზიანდეს. როდესაც ჩავეკითხეთ, მაშინ თქვენ დაგვიანგარიშეთ, რა არის გონივრული თანხა, რომ ბალანსი იქნას დაცული, ბუნებრივია, ახსნა-განმარტება და საღი, რაციონალურო პასუხი ვერ მივიღეთ. თუნდაც, როდესაც გვთავაზობენ, რომ ბლოკირებული თანხებიდან მხოლოდ 7 პროცენტზე მოგვეცემა წვდომა, შეკითხვაზე, რატომ 7 პროცენტი, ამას ბანკის მხრიდან დალაგებული განმარტება არ მოჰყვება.

ამ უცნაურობებმა გვაიძულა წარსულშიც და ახლაც გვაიძულებს, ვთქვათ, რომ ეს ნორმალური საბანკო პრაქტიკისა და საფინანსო ინდუსტრიის ფარგლებში არ ჯდება, ამას არ შეიძლება და ვერ მოეძებნება ახსნა ვერც სამართლის ფორმაში, ვერც სასამართლო პრაქტიკაში. ამის ახსნა შეიძლება ვეძებოთ პოლიტიკურ ჭრილში, პოლიტიკურ სივრცეში. ამიტომ განცხადებიდან განცხადებამდე ასეთ მოქმედებათა, უცნაურობათა კრებულს ჩვენ სხვა შეფასებას ვერ ვაძლევთ, თუ არ ვთქვათ, რომ ეს არის პოლიტიკური ზეწოლა.

მორიგ ჯერზე გვინდოდა კითხვების გაჟღერება ევროპული აუდიტორიისთვის, რისი საშუალებაც არ მოგვეცა და მხოლოდ ისღა დაგვრჩა, კრიტიკული ქართველი მსმენელისა და მაყურებლისთვის გამოგვეტანა ეს შეკითხვები, რომლებიც კონკრეტულ ფაქტებსა და გარემოებებს ეფუძნება. სამწუხაროდ, მიუხედავად კონკრეტული ფაქტების გახმოვანებისა, ჩვენ ბანკის ან მისი ტრასტის მხრიდან დამაჯერებელი პასუხი დღემდე არ მიგვიღია“, – განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

ამასთან, ვიქტორ ყიფიანმა ისაუბრა, რა პერიოდიდან იწყება შვეიცარიულ ბანკთან გაუგებრობები.

„ზოგადად, გაუგებრობები იწყება გასული წლის მარტიდან, რომელიც ბანკმა ერთ-ერთ წერილში აღნიშნა შემდეგნაირად – აღმოსავლეთ ევროპაში განვითარებული გეოპოლიტიკური პროცესები. ჩვენ ერთადერთი პროცესი, რაც გვახსენდება, ეს არის უკრაინაში დაწყებული ომი. სწორედ იქიდან მოყოლებული ვაწყდებით ამ აბსურდის თეატრს, ბენეფიციარის უფლებების აბუჩად აგდების გაუგონარ ფაქტებს. რბილად რომ ვთქვათ, გაუგებრობები, ჩვენ მას ფაქტობრივი სანქციები ვუწოდეთ, რაც კონკრეტულ თანხებზე წვდომის ბლოკირებაში გამოიხატა“, – განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

კითხვაზე, ვინ ან რა შეიძლება, იყოს ამ გაუგებრობების უკან, ყიფიანმა აღნიშნა:

„ჩვენ სწორედ რომ გამორიცხვის მეთოდით ვმსჯელობთ – თუ ვამბობთ, რომ ეს არ პასუხობს არც კონკრეტული ბანკის, არც კონკრეტული საბანკო ინდუსტრიის ინტერესებს, ეს არ ჯდება კეთილსინდისიერი მეწარმეობის ფარგლებში, რა შეიძლება, იყოს მოტივები? ამ კითხვებს პასუხი სამართლის სფეროში არ მოეძებნება. შესაბამისად, ეს უკვე სამართლის მიღმა გასული შეკითხვებია, ამიტომაც ჩვენი ვარაუდით, ჩვენი დაშვებებით, პოლიტიკური ზეწოლის, პოლიტიკური ზემოქმედების გარდა, სხვა ახსნა ელემენტარულად შეუძლებელია.

ერთ-ერთ მიმოწერაში, როდესაც რამდენიმე კითხვა დავსვით, ვინ იღებს ასეთ უცნაურ გადაწყვეტილებებს, პასუხი იყო შემდეგი, რომ აქტივების მართვა გატანილია ტრასტის მიღმა და იმართება კონკრეტული პირების მიერ. ჩვენს შეკითხვაზე, ვინ არიან ეს პირები, როგორია მათი უფლებამოსილებათა წრე და ფუნცქიონალური დატვირთვა ამ საქმესთან მიმართებით, კონკრეტულ გვარებსა და სახელებზე ინფორმაცია არ მიგვიღია, ისევე, როგორც დღემდე არ ვიცით, რა არის მათი უფლება-მოვალეობების ფარგლები, შესაბამისად, როგორ განისაზღვრება მათი მიმართება ამ საკითხებთან. ასე რომ, ეს ყველაფერი ერთად აღებული ძალიან უსიამოვნო სურათს ბადებს და ამყარებს, ამტკიცებს ჩვენს ეჭვებსა და ვარაუდებს. სამწუხაროდ, ჩვენ ამ ბუნდოვნობის და ეჭვიანობის გაფანტვას ვერ ვახერხებთ, ვერ ვახერხებთ არა იმიტომ, რომ ჩვენ არ გვინდა, იმიტომ, რომ ბანკი ამის საშუალებას არ გვაძლევს. ყველაფერს აქვს თავისი წესი, ტრასტებს აქვთ შექმნისა და ოპერირების თავიანთი წესები. ჩვენ არაერთგზის ვცდილობთ, გავერკვეთ, ამ წესების რაობა რა არის. ჩვენ, როგორც ბენეფიციარი, შეკითხვებზე დამაკმაყოფილებელ პასუხებს ვერ ვიღებთ“, – აღნიშნა ვიქტორ ყიფიანმა.