ვიქტორ ყიფიანი - აუდიტორია ხშირად საკუთარი აზრის ფორმირებას ახდენს იმის მიხედვით, როგორ მიაწვდიან ამ აზრს, გვინდა, გავუღვიძოთ სურვილი, თავად გამოიმუშაოს საკუთარი აზრი და მივიღოთ როგორც ამომრჩეველი, ასევე ინფორმირებული მოქალაქე
ვიქტორ ყიფიანი - აუდიტორია ხშირად საკუთარი აზრის ფორმირებას ახდენს იმის მიხედვით, როგორ მიაწვდიან ამ აზრს, გვინდა, გავუღვიძოთ სურვილი, თავად გამოიმუშაოს საკუთარი აზრი და მივიღოთ როგორც ამომრჩეველი, ასევე ინფორმირებული მოქალაქე

ჩვენი აუდიტორია, მაყურებელი ხშირად საკუთარი აზრის ფორმირებას ახდენს იმისდა მიხედვით, როგორ მიაწვდის მას ამ აზრს მედიის სხვადასხვა საშუალება, – ამის შესახებ ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისი“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას განაცხადა.

„ჩვენ გვინდა, მას გარკვეულწილად სურვილი, მადა გავუღვიძოთ, რომ იმ მასალის მოშველიებით, რომელსაც ჩვენ მივაწვდით და რაშიც თანხმობას ან უთანხმოებას ვაღწევთ, დამოუკიდებლად, თვითონ გამოიმუშაოს საკუთარი აზრი და ჩვენ მივიღოთ როგორც ამომრჩეველი, ასევე ინფორმირებული მოქალაქე. ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება ალბათ ჩვენს საზოგადოებაში ერთ-ერთი პრობლემა და გამოწვევაა“, – განაცხადა ყიფიანმა.

ამ განცხადებით ვიქტორ ყიფიანმა უპასუხა გადაცემის წამყვანის შეკითხვას, რაში მდგომარეობს ეროვნული თანხმობის პლატფორმის ჩამოყალიბების იდეა და როგორ წარმოუდგენია ამ პლატფორმის განვითარება.

ვიქტორ ყიფიანის თქმით, რეგიონებში გასვლის გარეშე ქვეყნის მაჯისცემის გაზომვა ძალიან რთულია და იდეის ავტორები ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობენ.

„ისევე, როგორც პოლიტიკური ცხოვრება, ჩვენ არ გვინდა, აკადემიური ინიციატივაც დაკონცენტრირდეს მხოლოდ ქალაქზე. დიდი ცოდვა და შეცდომა იქნებოდა, რომ ქვეყნის წიაღში, მის რეგიონებში არსებული ბუნებრივი ტალანტები არ გამოვიყენოთ და ეს რესურსი არ ჩავრთოთ“, – განაცხადა ყიფიანმა.

ვიქტორ ყიფიანმა ასევე აღნიშნა, რომ წარსულის გარკვეული ფაქტებისა და მოვლენების შეფასებაში შესვლა წინ მოძრაობას ხელს შეუშლის და თუ საუბარია რეკომენდაციებზე, ეს რეკომენდაციები მომავლისკენ უნდა იყოს ორინტირებული და არა წარსულის შეფასებისკენ.

„სხვათა შორის, ეს ერთ-ერთი პრობლემათაგანია, როგორ შეიძლება, წარსულს მოწყდე ისე, რომ არ დაივიწყო, მაგრამ მომავალზე იყო ორიენტირებული. კიდევ ერთი შტრიხი, რატომ ასე და არა სხვაგვარად – ის, რაც ჩვენ დეკლარაციაში გვაქვს და რაც შემდეგ რეკომენდაციებით გამოვა, შეიძლება, იყოს ჩვენი შეჯერებული აზრი და პოზიცია, მაგრამ ეს ასევე არის სატესტო ნიადაგი და პლატფორმა მათთვის, ვინც პროცესში შემდგომში შემოვა“, – განაცხადა ყიფიანმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, – „რამდენად შესაძლებელია წარსულის გადაფასების გარეშე ეროვნული თანხმობის მიღწევა, მით უმეტეს, რომ აკადემიური პლატფორმა სწორედ ის ადგილია, სადაც წარსულის სამეცნიერო შეფასება უნდა მოხდეს“, – ვიქტორ ყიფიანმა განაცხადა, რომ ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ და „საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დანიშნულება ამ შემთხვევაში არის არა იმდენად აკადემიურ კვლევაში ჩაკარგვა, რამდენადაც რეკომენდაციების, სვლის, დინამიკის, წინსვლის პროვოცირება.

„ქართული პოლიტიკური სივრცე, უკვე 30 წელია, წარსულის შეფასებით არის დაკავებული და, რეალურად, ის ერთგვარი მძევალი გახდა ამ სავარჯიშოსი, რომელიც მას მომავალზე ორიენტაციის კუთხით მარგი ქმედების კოეფიციენტს უმცირებს. ამდენად, ჩვენ კი ვართ აკადემიური ანალიტიკური ორგანიზაციები, მაგრამ მაინც, ჩვენი დანიშნულება არის არა იმდენად აკადემიურ კვლევაში ჩაკარგვა, რამდენადაც რეკომენდაციების, სვლის, დინამიკის, წინსვლის პროვოცირება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვეცადეთ, ასე ვთქვათ, ზღვარი გაგვევლო შეფასებასა და პრაქტიკულ რეკომენდაციებს შორის“, – განაცხადა ყიფიანმა.

მისივე თქმით, იდეის ავტორთა ამოცანა არის არა მორიგი დოკუმენტის დადება, არამედ მთავარია, ამ დოკუმენტით გაცოცხლდეს კრიტიკული აზროვნება, ჯანსაღი კამათი და შეფასება, რათა პრაქტიკული რეკომენდაციები რაღაც ეტაპზე პრაქტიკულ გადაწყვეტილებებში გადაითარგმნოს.

როგორც ვიქტორ ყიფიანმა აღნიშნა, ეროვნული თანხმობის ყველა მცდელობა აქამდე პოლიტიკური აქტორების მონაწილეობით იწყებოდა, ამჯერად კი აკადემიური სივრცე საზოგადოებას განსხვავებულ, რაციონალურ და პრაგმატულ მიდგომას სთავაზობს.