მსოფლიოში უდიდესი თავისუფალი ონლაინ-ენციკლოპედია ვიკიპედია დღეს 20 წლის გახდა.
ვიკიპედია 2001 წლის 15 იანვარს, ამერიკელმა ჯიმი უელსმა და ლარი სენგერმა შექმნეს, ინგლისურ ენაზე. მალე გაიხსნა განყოფილებები სხვადასხვა ენაზეც. ვიკიპედიას და მის დობილ პროექტებს ფლობს და მართავს ამერიკული არაკომერციული ორგანიზაცია „ფონდი ვიკიმედია“ (Wikimedia Foundation). პროექტის მიზანია შეიქმნას სრული, მიუკერძოებელი, საავტორო უფლებებისაგან თავისუფალი ენციკლოპედია მსოფლიოს ყველა ენაზე, რომელშიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შეიტანოს ცვლილებები და დამატებები.
ვიკიპედიის მთავარი პრინციპი მოხალისეობაა. ნებისმიერ სტატია, რომელსაც ამა თუ იმ ვიკიპედიაში ხედავთ, შექმნილია მოხალისეთა მიერ, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე.
ვიკიპედიაში ჩართვა და მისი გამდიდრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, თუმცა საჭიროა გარკვეული წესების დაცვა, რასაც ვიკიპედიის ოფიციალური პოლიტიკა განსაზღვრავს.
დღეისათვის, ვიკიპედია 306 სხვადასხვა ენაზე არსებობს და მოიცავს მილიონობით სტატიას. უდიდესი განყოფილებაა ინგლისურენოვანი ვიკიპედია, რომელიც ამჟამად 6,2 მილიონზე მეტ სტატიას შეიცავს. ვიკიპედია მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ ვებსაიტთა ათეულში შედის.
2005 წელს, ჟურნალმა Nature-მა გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც ერთმანეთს ადარებდა ენციკლოპედია ბრიტანიკისა და ვიკიპედიის 42 სამეცნიერო სტატიას. აღმოჩნდა, რომ ვიკიპედიის სიზუსტე ბრიტანიკისას უახლოვდებოდა.
ვიკიპედიის განყოფილებებს შორის, სტატიათა რაოდენობით ინგლისურს მოჰყვებიან შვედური, გერმანული, ფრანგული, ნიდერლანდური, რუსული, იტალიური, ესპანური, პოლონური ვიკიპედიები ნახევარ მილიონზე მეტი სტატიით.
2003 წლის ნოემბერში ვიკიპედიის განყოფილება ქართულ ენაზეც შეიქმნა. 2015 წლის 13 ოქტომბერს, ქართულენოვანი ვიკიპედიის სტატიების რაოდენობამ 100 000-ს მიაღწია. სტატიების ამჟამინდელი რაოდენობა 147 000-ზე მეტია და ამ მაჩვენებლით, 306 ვიკიპედიას შორის ქართული ვიკიპედია 56-ე ადგილს იკავებს. შედარებისათვის, პირველი ქართული უნივერსალური სამეცნიერო ცნობარი — ქართული საბჭოთა ენციკლოპედია 70 ათასამდე ტერმინ-სტატიას მოიცავს.
რეგიონში ლიდერია სომხურენოვანი ვიკიპედია 280 000 სტატიით, აზერბაიჯანულს კი 240 000 სტატია აქვს.
ქართული ვიკიპედიის აქტიური რედაქტორები მთავარ პრობლემად მოხალისეთა ნაკლებობას ასახელებენ.