ვიკიპედიამ და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად თანამშრომლობა დაიწყეს
ვიკიპედიამ და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად თანამშრომლობა დაიწყეს

კორონავირუსის პანდემიის შესახებ მცდარი ინფორმაციის გავრცელების შესაჩერებლად, ვიკიპედია და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია თანამშრომლობას იწყებენ — ჯანდაცვის ორგანიზაცია ონლაინ-ენციკლოპედიას საკუთარ ინფორმაციაზე, გრაფიკებსა და ვიდეოებზე თავისუფალ წვდომას მისცემს.

ეს თანამშრომლობა პირველია ვიკიპედიასა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას შორის.

„ყოველდღიურად ჩვენ ყველა ვიყენებთ რამდენიმე აპლიკაციას, მათ შორის ვიკიპედიას. ამ თანამშრომლობის შედეგად, კონტენტი განთავსდება თქვენს ენაზე, თქვენსავე ქალაქში. კარგი კონტენტის სწრაფად მიღება ახდენს დეზინფორმაციის განიარაღებას“, — ამბობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ციფრული კონტენტის მენეჯერი ენდრიუ პეტისონი.

ვიკიპედია 2001 წელს დაარსდა და მას შემდეგ მუდამ შედის მსოფლიოს 10 ყველაზე მონახულებად ვებსაიტს შორის; ვიკიპედიაში ხშირად ნახულობენ ინფორმაციას ჯანდაცვის შესახებ.

შეთანხმების მიხედვით, ორგანიზაციის მასალები განთავსდება ვიკიმედიის პროქტების ფაილების საცავში, „ვიკიმედა ქომონსზე“, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელი იქნება მათი კვლავწარმოება ან თარგმნა ყოველგვარი ნებართვის გარეშე, რადგან იქვე აღნიშნული იქნება, რომ მასალა WHO-ს ეკუთვნის და იქვე მითითებული იქნება წყაროზე ბმულიც.

„ჯანდაცვის შესახებ სანდო ინფორმაციაზე სამართლიანი წვდომა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ხალხის უსაფრთხოებისა და ინფორმირებისთვის“, — ამბობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს გებრეირუსი.

ორგანიზაცია საკუთარ მასალებს თავის ექვს ოფიციალურ ენაზე თარგმნის, რომელთა შორის არ შედის მაგალითად, ჰინდი, ქართული, გერმანული თუ პორტუგალიური; შესაბამისად, მილიარდობით ადამიანს ამ მასალების წაკითხვა არათუ მშობლიურ, შეიძლება მეორე ნაცნობ ენაზეც არ შეუძლია.

ამისგან განსხვავებით, ვიკიპედიას განყოფილება 304 სხვადასხვა ენაზე აქვს.

შეთანხმების მიხედვით, ვიკიპედიაში პირველ რიგში გადაინაცვლებს „მითების დამსხვრევის“ ინფოგრაფიკები, რომლებიც COVID-19-ის შესახებ გავრცელებულ უამრავ ყალბ ინფორმაციას ამხელს. ვიკიპედიის მფლობელის, „ფონდ ვიკიმედიის“ წარმომადგენლის, რაიან მერკლის განცხადებით, შემდეგ იქნება მკურნალობის სახელმძღვანელოები ექიმებისთვის.

თუ თანამშრომლობა წარმატებული აღმოჩნდა, შემდეგში ის შეიძლება განივრცოს შიდს-ის, ებოლას, გრიპის, პოლიოსა და ათობით სხვა დაავადების შესახებ არსებულ დეზინფორმაციასთან ბრძოლაზეც.

თანდათანობით ვიკიპედიაში დაემატება „ცოცხალი ბმულები“, რომლებიც გარკვეულ მონაცემებს ავტომატურად განაახლებს, როგორც კი მას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გამოაქვეყნებს.

კორონავირუსის შესახებ ჭორი და ყალბი ინფორმაცია მართლაც ბევრია. ექსპერტები ასეთ ვითარებას „ინფოდემიასაც“ უწოდებენ. მაგალითად, ზოგიერთმა დაიჯერა ისიც, რომ COVID-19 ღამურის სუპის ჭამით გავრცელდა; თითქოს ამ დაავადებას ნივრის ან ცხარე წიწაკის ჭამა კურნავს და ა. შ.

თუმცა, ვრცელდება უფრო სახიფათო ჭორებიც, მაგალითად, ზოგიერთი ჭორის მიხედვით, დაავადებასთან საბრძოლველად ეფექტიანია ქლორის ან მაღალგრადუსიანი ალკოჰოლის დალევა, რაც უდავოდ სასიკვდილოა.

„მაღალგრადუსიანი ალკოჰოლის დალევასთან დაკავშირებულმა ამ ჭორებმა ირანში 700-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა“, — ამბობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ციფრული კონტენტის მენეჯერი ენდრიუ პეტისონი.

ყალბი ინფორმაციის მხილება სულ უფრო რთულდება, რადგან მას ხშირად აქტიურად ავრცელებენ გავლენიანი ადამიანები.

ვიკიპედიასთან თანამშრომლობით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დეზინფორმაციასთან მებრძოლ ნამდვილ არმიას იძენს.

„ფონდ ვიკიმედიის“ განცხადებით, ამჟამად ვიკიპედიაში კორონავირუსთან დაკავშირებული 5200-ზე მეტი სტატიაა 174 სხვადასხვა ენაზე. ამ სტატიებში ფიქსირდება 82 000-ზე მეტი მოხალისე რედაქტორის წვლილი.

იმის გამო, რომ ზოგიერთი კონტრიბუტორი სტატიებში შეგნებულად ახორციელებს საზიანო ცვლილებებს, სვამს ყალბ ინფორმაციას, ვიკიპედიას თავდაცვის რამდენიმე დონე აქვს. მათ შორის არის სტატიების დაცვა რედაქტირებისგან, არგამოქვეყნება გადახედვამდე და. ა. შ.

მომზადებულია The New York Times-ის მიხედვით.