თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყანაში ვიკიპედიის ბლოკირება არაკონსტიტუციურად სცნო
თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყანაში ვიკიპედიის ბლოკირება არაკონსტიტუციურად სცნო

თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყანაში ვიკიპედიის დაბლოკვა არაკონსტიტუციურად სცნო და დაადგინა, რომ ეს ფაქტი ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს.

მსოფლიოს უდიდესი ონლაინ-ენციკლოპედიის სასარგებლოდ გადაწყვეტილება თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გენერალურმა ასამბლეამ გამოიტანა.

2017 წლის 29 აპრილს, ვიკიპედიასთან წვდომა თურქეთის ინფორმაციისა და კომუნიკაციების ტექნოლოგიების სააგენტომ დაბლოკა. სააგენტოს განცხადებით, ამის უფლებას აძლევდა კანონი, რომელიც უხამსი და ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისათვის საფრთხის შემცველი ვებგვერდების ბლოკირებას ითხოვს.

სააგენტოს განცხადებით, მათ ვიკიპედიაში ტერორიზმის მხარდამჭერი კონტენტის დაბლოკვა სურდა, თუმცა, მხოლოდ რამდენიმე სტატიის დაბლოკვა ტექნიკურად შეუძლებელი აღმოჩნდა და აუცილებელი გახდა მთლიანად ვიკიპედიის დაბლოკვა.

მიუხედავად ოფიციალური განცხადებისა, გავრცელებული ინფორმაციით, ბლოკირების მიზეზი ის გახდა, რომ თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს არ მოსწონდა ინგლისურენოვან ვიკიპედიაში მის შესახებ არსებული სტატია.

ბლოკირება ძალაში დატოვა ანკარის სასამართლომ, რის შემდეგაც, 2017 წლის 9 მაისს, ვიკიპედიამ გადაწყვეტილება თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.

2018 წელს ვიკიპედიამ სოციალურ მედიაში წამოიწყო კამპანია ჰეშტეგით #WeMissTurkey, რომლის მიზანიც თურქეთის ხელისუფლებაზე ზეწოლა და ვიკიპედიაზე ბლოკის მოხსნა იყო.

ვიკიპედიის მფლობელის, ამერიკული „ფონდ ვიკიმედიას“ საჩივრის საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოს 10-დან 6-მა მოსამართლემ დაადგინა, რომ ვიკიპედიის ბლოკირება გამოხატვის თავისუფლებას ეწინააღმდეგება.

ამჟამად, ვიკიპედია ასევე დაბლოკილია ჩინეთში.