ვიკიპედიის დამფუძნებელმა ფეისბუქისა და ტვიტერის ალტერნატიული სოციალური ქსელი შექმნა
ვიკიპედიის დამფუძნებელმა ფეისბუქისა და ტვიტერის ალტერნატიული სოციალური ქსელი შექმნა

ორი წლის წინ, ვიკიპედიის თანადამფუძნებელმა ჯიმი უელსმა „ვიკიტრიბუნა“ შექმნა — ონლაინპლატფორმა, რომლის მიზანიც იყო ფეიკ-ნიუსებთან ბრძოლა ნამდვილი ამბებით, რომლებსაც რეპორტიორები და „მოქალაქე ჟურნალისტები“ ამზადებდნენ. ვიკიტრიბუნა წარუმატებელი აღმოჩნდა და ახლა, უელსი ტაქტიკას ცვლის. ვიკიტრიბუნას ჩაანაცვლებს WT:Social-ი – სოციალური ქსელი და ახალი ამბების გასაზიარებელი პლატფორმა. ვიკიპედიის დამფუძნებელი იმედოვნებს, რომ ახალი პლატფორმა ფეისბუქისა და ტვიტერის ალტერნატივა გახდება.

ამ ორი ქსელის მსგავსად, WT:Social-ში მომხმარებლები სტატიების გაზიარებას შეძლებენ. თუმცა, WT:Social-ი არ განათავსებს რეკლამებს და იარსებებს მხოლოდ შემოწირულობებით.

„სოციალური მედიის კომპანიების ბიზნესმოდელი მთლიანად რეკლამებზეა დაფუძნებული, რაც დიდი პრობლემაა. შედეგად კი ხდება ისე, რომ უზარმაზარ გამარჯვებას აღწევს დაბალი ხარისხის კონტენტი“, — განუცხადა უელსმა Financial Times-ს.

ფეისბუქისა და ტვიტერისგან განსხვავებით, რომელთა ალგორითმიც პირველ რიგში გთავაზობთ ყველაზე მეტი კომენტარისა და მოწონების მქონე პოსტებს, WT:Social-ი უპირველესად უახლესი ამბების ბმულებს გამოგიჩენთ. მომავალში შეიძლება დაემატოს დადებითი შეფასების ღილაკიც.

WT:Social-ი გასულ თვეში, უჩუმრად გაეშვა და ამ დროისთვის უკვე ჰყავს 50 000 მომხმარებელი. უელსის თქმით, მხოლოდ წინა კვირაში, მომხმარებელთა რაოდენობა გაორმაგდა. ვიკიპედიის დამფუძნებელს აქვს ამბიცია, რომ მისი სოციალური ქსელის მომხმარებელთა რაოდენობა ამ მაჩვენებელს ბევრად გასცდება და 50, თუნდაც 500 მილიონსაც მიაღწევს.