ვენერას ტოქსიკურ ატმოსფეროში ღრუბლების გიგანტური ტალღა აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
ვენერას ტოქსიკურ ატმოსფეროში ღრუბლების გიგანტური ტალღა აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება

პლანეტა ვენერას სქელი, მომწამვლელი ღრუბლების სიღრმეში ატმოსფერო ძალიან უცნაურად იქცევა. პლანეტის მასშტაბის გიგანტური, აქამდე უცნობი ღრუბლის კედელი დასავლეთის მიმართულებით გადაადგილდება და ვენერას გარს უვლის ყოველ 4,9 დღეში ერთხელ; როგორც ჩანს, ამას ის სულ მცირე 1983 წლიდან აკეთებს.

ღრუბელი ეკვატორიდან ჩრდილოეთით სა სამხრეთით, 7500 კილომეტრის სიგრძეზე ვრცელდება და განთავსებულია შედარებით დაბლა, ზედაპირიდან 47,5 – 56,5 კმ სიმაღლეზე. ასეთი ფენომენი მზის სისტემაში აქამდე არსად შეუნიშნავთ.

„ის რომ დედამიწაზე იყოს, პლანეტის მასშტაბის იქნებოდა. წარმოუდგენელია“, — ამბობს პორტუგალიის ასტროფიზიკისა და კოსმოსურ მეცნიერებათა ინსტიტუტის ასტროფიზიკოსი პედრუ მაჩადუ.

სასიცოცხლო ზონაში მდებარე კლდოვანი პლანეტის კვალობაზე ვენერა საკმაოდ ექსტრემალურია. ის მთლიანად სქელ ატმოსფეროშია გახვეული, რომელიც ნახშირორჟანგისგან შედგება და თავად პლანეტაზე 60-ჯერ უფრო სწრაფად მოძრაობს, რის შედეგადაც წარმოიქმნება ძლიერი ქარები.

ატმოსფეროდან მოდის გოგირდის წვიმა; პლანეტის ზედაპირზე ატმოსფერული წნევა თითქმის 100-ჯერ მეტია, ვიდრე დედამიწაზე. გარდა ამისა, ვენერაზე ტემპერატურა იმდენად მაღალია, რომ დნება მიწაც — 471 გრადუსი ცელსიუსით.

ეს ღრუბლებიანი ატმოსფერო მომაჯადოებელი ადგილია და მიდრეკილია უზარმაზარი ტალღებისკენ. ცნობილია, რომ ვენერას ატმოსფეროში არსებობს ისრის მსგავსი სტრუქტურა, რომელიც ატმოსფეროს ზედა ნაწილში 10 000 კმ სიგრძეზეა გადაჭიმული და წარმოადგენს გრავიტაციის ტალღას; წარმოქმნილია მბრუნავი ატმოსფეროსა და ზედაპირზე არსებული მთის შეჯახების შედეგად. პლანეტას გარს აკრავს კიდევ ერთი, Y-ის ფორმის ტალღა, რომელსაც ვენერას ძლიერი ქარები ამრუდებს.

თუმცა, როგორც ჩანს, ასეთი ტალღები იქ კიდევ არის. ვენერას გარშემო მოძრავი იაპონური ხომალდის, „აკაცუკის“ მიერ 2016-2018 წლებში შეგროვებული ინფრაწითელი მონაცემების შესწავლისას, მკვლევართა ჯგუფმა, რომელსაც იაპონიის კოსმოსური სააგენტოს (JAXA) ფიზიკოსი ხავიერ პერალტა ხელმძღვანელობდა, შენიშნა მახასიათებელი, რომელიც ძლიერ ჰგავდა ატმოსფერულ ტალღას, მაგრამ მდებარეობდა უპრეცედენტო სიმაღლეზე.

ეს ახალი წარმონაქმნი განსხვავებულია. არის გაცილებით ღრმად, ვიდრე ვენერაზე აქამდე დაფიქსირებული სხვა ნებისმიერი ატმოსფერული ტალღა. წარმოქმნილია ღრუბლის იმ ფენაში, რომელიც პასუხისმგებელია ვენერას ჯოჯოხეთური სიცხის გამომწვევ სათბურის ეფექტზე.

სათუთმა ანალიზმა და წარსულის დაკვირვებების შესწავლამ აჩვენა, რომ ეს წარმონაქმნი პერიოდულია, მაგრამ აქამდე არ შეგვიმჩნევია, სულ მცირე 1983 წლამდე, რადგან ის ჩანს მხოლოდ ამ პერიოდის შემდეგ შეგროვებულ მონაცემებში.

როგორც მკვლევრებმა დაადგინეს, ახლად იდენტიფიცირებული მახასიათებელი შეიძლება გაივრცოს 7500 კილომეტრამდე და პლანეტას შემოუაროს ყოველ 4,9 დღეში ერთხელ, დაახლოებით 328 კმ/სთ სიჩქარით. ეს მაჩვენებელი ცოტა ჩქარია ამავე დონეზე არსებულ სხვა ღრუბლებთან შედარებით, რომელთა ბრუნვის პერიოდიც დაახლოებით 5,7 დღეა.

თუმცა, ჯერ კიდევ უცნობია მისი გამომწვევი მიზეზი.

„ეს ატმოსფერული ბზარი ახალი მეტეოროლოგიური ფენომენია, რაც არც ერთ სხვა პლანეტაზე არ გვინახავს. ამიტომ, მისი ზუსტი ახსნა ჯერ სირთულესთან არის დაკაშირებული“, — ამბობს პერტალა.

თუმცა, კომპიუტერული სიმულაციები მიუთითებს, რომ ბზარის მრავალი მახასიათებელი შეიძლება შეგვხვდეს არახაზოვან ატმოსფერულ კელვინის ტალღაში. აქ, დედამიწაზე, ეს გახლავთ გრავიტაციის დიდი ტალღები (არ შეგეშალოთ გრავიტაციულ ტალღებში), რომლებიც ხანდახან ეკვატორთან „იჭედება“ და მათზე გავლენას ახდენს პლანეტის ბრუნვა.

დედამიწის კელვინის ტალღების მსგავსად, ვენერას ეს წარმონაქმნიც იმავე მიმართულებით ვრცელდება, საითაც პლანეტას გარშემორტყმული ქარები; გარდა ამისა, არ აქვს ეფექტი მერიდიანულ ქარებზე, რომლებიც ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის ქრის.

თუ ეს წარმონაქმნი კელვინის ტალღაა, შეიძლება საკმაოდ საინტერესო ეფექტებიც ჰქონდეს. მაგალითად, არ ვიცით, რატომ ბრუნავს ვენერას ატმოსფერო ასე სწრაფად. კელვინის ტალღებს შეუძლია სხვა სახის ატმოსფერულ ტალღებთან ურთიერთქმედება, მაგალითად, როსბის ტალღებთან.

სწორედ ეს შეიძლება ახდენდეს გავლენას ატმოსფეროს სუპერსწრაფ ბრუნვაზე. კელვინის ტალღა ასევე შეიძლება დაგვეხმაროს ვენერას ზედაპირის ტოპოგრაფიასა და მისი ატმოსფეროს დინამიკას შორის არსებული ურთიერთობის გარკვევაში.

„გამომდინარე იქიდან, რომ ეს ნაპრალი არ შეიმჩნევა ზედაპირიდან 70 კმ სიმაღლეზე არსებული ღრუბლების ულტრაიისფერ სურათებში, დასტურდება, რომ მისი ტალღის ხასიათი კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, — ამბობს კვლევის ავტორი, იაპონიის კოსმოსური სააგენტოს (JAXA) ფიზიკოსი ხავიერ პერალტა.

მისივე თქმით, როგორც იქნა, საბოლოოდ იპოვეს ტალღის გადამტანი იმპულსი და ენერგია ატმოსფეროს სიღრმიდან, რომელიც ღრუბლების ზედა ნაწილთან მისვლამდე იფანტება. შესაბამისად, ის შეიძლება იყოს დალექვის იმპულსი ზუსტად იმ დონეზე, სადაც შეიმჩნევა ვენერას ე. წ. სუპერმბრუნავი უსწრაფესი ატმოსფერული ქარები, რომელთა მექანიზმიც ამ დრომდე იდუმალებით არის მოცული.

კვლევები ახლაც აქტიურად მიმდინარეობს და მეცნიერთა ჯგუფს იმედი აქვს, რომ მალე ამ საიდუმლოს ნაწილობრივ მაინც ამოხსნიან.

კვლევა ჟურნალ Geophysical Research Letters-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.