ვენეციის კომისია - ოლიგარქიულ გავლენასთან ბრძოლაში უნივერსალური მიდგომა არ არსებობს, ზოგიერთ სიტუაციაში, როგორიცაა, მაგალითად, სახელმწიფოს მიტაცება, პერსონალური ხასიათის ზოგიერთი ზომა შეიძლება, გამართლებული იყოს
ვენეციის კომისია - ოლიგარქიულ გავლენასთან ბრძოლაში უნივერსალური მიდგომა არ არსებობს, ზოგიერთ სიტუაციაში, როგორიცაა, მაგალითად, სახელმწიფოს მიტაცება, პერსონალური ხასიათის ზოგიერთი ზომა შეიძლება, გამართლებული იყოს

ოლიგარქიულ გავლენასთან ბრძოლაში უნივერსალური მიდგომა არ არსებობს და ზოგიერთ ექსტრემალურ სიტუაციაში, როგორიცაა, მაგალითისთვის, სახელმწიფოს მიტაცება, რადიკალური ზომები, პერსონალური ხასიათის ზოგიერთი ზომა შეიძლება იყოს გამართლებული, დროებითი და განსაკუთრებული საფუძვლებით, – ამის შესახებ აღნიშნულია ვენეციის კომისიის რეკომენდაციაში, რომელიც საქართველოს მმართველი პარტიის მიერ შემუშავებულ „დეოლიგაქრიზაციის შესახებ“ კანონპროექტს ეხება.

ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ ეს უნდა იყოს დამატებითი ზომები და არა სისტემური მიდგომის ალტერნატივა.

„ვაღიარებთ რა, რომ ოლიგარქიულ გავლენასთან ბრძოლაში უნივერსალური მიდგომა არ არსებობს და რომ ზოგიერთ ექსტრემალურ სიტუაციაში, როგორიცაა, მაგალითისთვის, სახელმწიფოს მიტაცება, რადიკალური ზომები, როგორიც არის პერსონალური ხასიათის ზოგიერთი ზომა, შეიძლება იყოს გამართლებული, დროებითი და განსაკუთრებული საფუძვლებით, ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ ეს უნდა იყოს დამატებითი ზომები და არა სისტემური მიდგომის ალტერნატივა. თუმცა, საჭიროება თუ იქნებოდა, ასეთი ზომები უნდა შემუშავებულიყო პოლიტიკური პლურალიზმისა და კანონის უზენაესობის სტანდარტების სრული დაცვით. ამასთან ერთად, უნდა არსებობდეს მკაფიო ლეგალური კრიტერიუმები, გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს დამოუკიდებლობის მტკიცე გარანტიები და სამართლიანი სამართლებრივი პროცესი. ასეთი წინაპირობები, როგორც ჩანს, ეწინააღმდეგება ამ კანონების კონსტრუქციას. ამაში მდგომარეობს დღევანდელი ფორმით წარმოდგენილი დეოლიგარქიზაციის კანონების უდიდესი პარადოქსი: თუ ადმინისტრაცია და სასამართლო სისტემა ძლიერია და საკმარისად დამოუკიდებელი, რომ მხარი დაუჭიროს „პერსონალური ზომების“ მიღებას, როგორც ეს არის აღწერილი, მაშინ ეს ზომები მეტად აღარ არის საჭირო, რადგან წინაპირობები დაცულია, რათა აამუშაო უფრო მეტად სისტემური და ეფექტური სტრატეგია. ხოლო თუ პირიქითაა და ადმინისტრაცია და სასამართლო სისტემა „მიტაცებულია“ იმ ინტერესების მიერ, რომლის წინააღმდეგაც ბრძოლისკენ არის მიმართული „პერსონალური ზომები“, მაშინ ასეთი ზომები არის არაეფექტური, რადგან მიღებულია აღმასრულებელი აქტების მეშვეობით, რომლებსაც სრულად არ გაუვლიათ ეფექტური სასამართლო კონტროლი, და ეს ძალზედ სახიფათოა ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისთვის.

ამჟამად, დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის შესწორებული ვარიანტი ოლიგარქიზაციის პრობლემის არც დემოკრატიულ და არც ეფექტურ პასუხად არ შეიძლება განიხილებოდეს. ამ კუთხით, საქართველოს ხელისუფლებას მოუწევს, დაამტკიცოს „სისტემურის“ გარდა, როგორ და რამდენად საჭიროა ის პერსონალური ზომები, რომლებიც რჩება შესწორებულ კანონპროექტში, ოლიგარქიული გავლენის არა მხოლოდ ნაწილობრივ, არამედ მთლიანად დასაძლევად. მართლაც, ოლიგარქიული გავლენის წინააღმდეგ ეფექტურად ბრძოლის ნაცვლად, დეოლიგარქიზაციის ამ ტიპის კანონმდებლობა ქმნის რისკს, ხელისუფლებაში მყოფთა ხელში პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის სახიფათო იარაღად იქცეს. ვინაიდან ამ ეტაპზე ვენეციის კომისია არ არის დარწმუნებული, რომ შესწორებულ კანონპროექტში ცვლილებებმა შეიძლება, აღმოფხვრას გარდაუვალი უთანხმოება ევროპის საბჭოს სტანდარტებთან ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სფეროში“, – ნათქვამია ვენეციის კომისიის რეკომენდაციებში, რომლის მიხედვითაც, „ვენეციის კომისია ასკვნის, რომ შესწორებული კანონპროექტი არ უნდა იქნას მიღებული და საჭიროა სისტემური მიდგომა“.