შალვა პაპუაშვილი - სამწუხაროა, რომ ვენეციის კომისიამ 19 აპრილის არარსებულ შეთანხმებაზე მიუთითა და ახლა ბრმად უთითებენ ვენეციის კომისიის დასკვნაზე
შალვა პაპუაშვილი - სამწუხაროა, რომ ვენეციის კომისიამ 19 აპრილის არარსებულ შეთანხმებაზე მიუთითა და ახლა ბრმად უთითებენ ვენეციის კომისიის დასკვნაზე

„ენდიაის“დასკვნაში შეცდომაში შემყვანი მოსაზრებაა გამოთქმული ოპოზიციურ მოადგილესთან დაკავშირებით, თითქოს ამ პოზიციის გაუქმება შეამცირებს თანამონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღებაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ეს, უბრალოდ, ფაქტობრივი შეცდომაა.

„ოპოზიციურ მოადგილეს გადაწყვეტილებების მიღებაში არანაირი რაიმე დამატებითი უფლებამოსილება არ აქვს – ეს არის ნული. მას აქვს ისეთივე ერთი ხმა, როგორც თავის სხვა კოლეგა ოპოზიციურ წარმომადგენლებს ცესკო-ში. ის ერთი ხმა როგორც აქამდე ჰქონდა, ისე ექნება კოლეგიალური გადაწყვეტილებების მიღებაში. არაფერი იცვლება. ამ მოადგილისთვის ცხოვრებაში საერთოდ არაფერი შეიცვლება, ბატონ სიორიძეს ვგულისხმობ. როგორი წევრიც იყო, ზუსტად ისე იქნება, იმავე უფლებამოსილებით. მის ცხოვრებაში საერთოდ არაფერი შეიცვლება, მის ცხოვრებაში ისევე გათენდება და დაღამდება. ასევე არაფერი შეიცვლება ცესკო-სთვის გადაწყვეტილების მიღების დროს. შეცდომაში შემყვანია შეფასება, თითქოს ინკლუზიურობას ან ნდობას ამცირებდეს. ფაქტობრივად, ეს არაზუსტი შეფასებაა. ეს არანაირად არ გააუარესებს მის ცხოვრებას და საქმიანობას ცესკო-ში. მას მხოლოდ ჰქვია მოადგილე, თორემ რაიმე დამატებითი უფლებამოსილება არ აქვს. მას აღარ ექნება ეს ტიტული, სავიზიტო ბარათზე დაიტანოს, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილეა, მაგრამ მის უფლებამოსილებაში არაფერი შეიცვლება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის განმარტებით, ასევე, შეცდომაში შემყვანია NDI-ის დასკვნაში საუბარი ვენეციის კომისიაზე, თითქოს ვენეციის კომისია რაღაცას უთითებს.

პაპუაშვილის თქმით, სამწუხაროა, რომ ვენეციის კომისიის დასკვნაზე ძალიან მანიპულაციური მსჯელობა მიდის.

„სამწუხაროდ, ამას ხანდახან ხელს უწყობს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია. ვენეციის კომისიას და ეუთო/ოდირ-ს არცერთი საკუთარი მოსაზრება წარმოდგენილი არ აქვთ. მთელი დასკვნა ამბობს ერთ რამეს, რომ, ზოგადად, საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღებისას, რაც უფრო ბევრი პარტია თანხმდება, მით უფრო კარგია. აგერ, 19 აპრილს შეთანხმებულხართ და ვინაიდან შეთანხმებული ხართ, ასე იმოქმედეთო. ვენეციის კომისიის დასკვნა მხოლოდ ეს არის, ის არ ასახელებს არცერთ სამართლებრივ საფუძველს. თავის სამართლებრივ მოსაზრებაში საერთოდ არაფერს ამბობს. ამბობს, რადგან შეთანხმდით, შეთანხმებას მიჰყევითო. აქ არის უკვე ვენეციის კომისიის ფაქტობრივი შეცდომა, რომ არანაირი 19 აპრილის შეთანხმება აღარ არსებობს, მითითებაა ანულირებულ შეთანხმებაზე. ოპოზიციას ეს დოკუმენტი არ დაუცვია. „ლელომ“ საარჩევნო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა, „ნაცმოძრაობამ“კი ანულირებულ დოკუმენტს ხელი მოაწერა და ორ კვირაში პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა. სამწუხაროა, რომ ვენეციის კომისიამ არარსებულ შეთანხმებაზე მიუთითა, ახლა ბრმად მიდის მითითება ვენეციის კომისიის დასკვნაზე. ეს არის ის მანკიერი წრე, რაც, სამწუხაროდ, ვენეციის კომისიის დასკვნის გამო შეიქმნა. როცა ვკითხულობთ, ვინ იყო ინიციატორი ოპოზიციური მოადგილის, ამას ვერავინ გვპასუხობს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

NDI-ის სადამკვირვებლო დელეგაციამ გუშინ საქართველოში წინასაარჩევნო ვითარების შეფასება და რეკომენდაციები გამოაქვეყნა.