ვატო ასათაშვილი - კატასტროფების დროს ავიაციის როლი დიდია, თუმცა შოვის კატასტროფის დროს ვერტმფრენების ჩართულობა ვერანაირ შედეგს ვერ მოგვცემდა, მონიტორინგის გარდა, ვერაფერს გააკეთებდა
ვატო ასათაშვილი - კატასტროფების დროს ავიაციის როლი დიდია, თუმცა შოვის კატასტროფის დროს ვერტმფრენების ჩართულობა ვერანაირ შედეგს ვერ მოგვცემდა, მონიტორინგის გარდა, ვერაფერს გააკეთებდა

სხვადასხვა კატასტროფის დროს ავიაციის როლი დიდია, თუმცა შოვის კატასტროფის შემთხვევაში ვერტმფრენების ჩართულობა ვერანაირ ხელშესახებ შედეგს ვერ მოგვცემდა, – ამის შესახებ „ჰელისკი ჯორჯიას“ დამფუძნებელმა, ვატო ასათაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ვერტმფრენები ადგილზე სტიქიის დროსაც რომ ყოფილიყო, მონიტორინგის გარდა, ვერაფერს გააკეთებდა.

„სტანდარტულ შემთხვევაში სხვადასხვა კატასტროფის დროს ავიაციის როლი დიდია, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში, შოვის კატასტროფის შემდეგ რაც დავინახეთ, სურათი ცალსახაა და ჩანს, რომ ვერტმფრენების ჩართულობა ამ შემთხვევაში ვერანაირ ხელშესახებ შედეგს ვერ მოგვცემდა. ამას გვაჩვენებს, ერთი მხრივ, თვითონ ფაქტი, მაშინ, როდესაც ღვარცოფი მოდის, ფაქტობრივად, წუთ-ნახევრის განმავლობაში ფარავს მთლიან ტერიტორიას, რაც იმაზე მეტყველებს, რომ იმ მომენტში რომც ყოფილიყო ადგილზე სამაშველო ვერტმფრენები, მონიტორინგის გარდა, ვერაფერს გააკეთებდა. რაც შეეხება სისტემურ პრობლემას, ზოგადად, ყველა ვთანხმდებით, რომ დღეს საქართველოში სამაშველო ვერტმფრენები არ გვყავს. საზღვრის დაცვის ვერტმფრენები, რომლებიც ადგილზე მუშაობენ, არიან საზღვრის დაცვის როტაციებისთვის განკუთვნილი და მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა საშუალება არ გვაქვს ხოლმე, გვიწევს მათი გამოყენება სხვადასხვა უბედური შემთხვევის დროს. ასეთი ერთ-ერთი იყო გასულ წელს გუდაურის შემთხვევა და, პირიქით, კიდევ უფრო დიდი ტრაგედიით დასრულდა, რადგან ეს საფრენი აპარატები არ არის სამაშველო ტიპის ვერტმფრენები. ჩვენ რასაც ვხედავთ შოვის შემთხვევაში, ყველა მსხვერპლი რეალურად არის მეწყრის ზონაში, ვერტმფრენს რაც შეუძლია და ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვერტმფრენმა რაც გააკეთა, ეს იყო გადარჩენილი ხალხის ევაკუაცია. ხალხი, რომელიც სამშვიდობოს იყო, გზა არ ჰქონდათ, რადგან გზა ჩახერგილი იყო, ფაქტობრივად, უგზოობის პირობებში მოხდა მათი გამოყვანა. ეს ვერტმფრენები სწორედ ასეთი ტიპის დავალებისთვის არის შექმნილი და თავის დავალებას ასრულებს. რაც შეეხება მონიტორინგს, დღის განმავლობაში, სანამ დაღამდებოდა ეკიპაჟებმა შეძლეს ფრენა და ზევიდან მონიტორინგი ტყის მასივებში გადარჩენილების სანახავად. ეს არის ვიწრო ხეობა, ტყეში არავინ არ არის, ძირითადად, ეს ხალხი იყო მდინარის კალაპოტში და ამ მეწყერმა ყველა წაიღო“, – განაცხადა ვატო ასათაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.