პაპუნა მარგველიძე აცხადებს, რომ შოვში, სტიქიის ადგილას არანაირი ინფრასტრუქტურული სამუშაოები არ დაიგეგმება და სავარაუდოდ ტყე გაშენდება
პაპუნა მარგველიძე აცხადებს, რომ შოვში, სტიქიის ადგილას არანაირი ინფრასტრუქტურული სამუშაოები არ დაიგეგმება და სავარაუდოდ ტყე გაშენდება

შოვში, სადაც მიწის უდიდესი მასა ჩამოწვა, არანაირი ინფრასტრუქტურული სამუშაოები არ დაიგეგმება, იმ ადგილზე ალბათ ტყე გაშენდება, – ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

როგორც პაპუნა მარგველიძემ განაცხადა, შოვს ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს.

„შოვში, სტიქიის ზონაში ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხრიდან მობილიზებული იყო 100-ზე მეტი ერთეული მძიმე ტექნიკა. კვლავ ჩართული არიან საძიებო სამუშაოებში. პარალელურ რეჟიმში ასევე ახორციელებენ დაზიანებული ინფრასტრუქტურის, მისასვლელი გზების აღდგენას, ხიდების რეაბილიტაციას და აკეთებენ ასევე პრევენციულ სამუშაოებს, მდინარე რიონისა და მდინარე ჭანჭახის კალაპოტების გაწმენდას.

შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ჩართული არიან ეკონომიკის სამინისტროს მოადგილე, სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები. ჩვენ განვიხილავთ იმ პერსპექტივებს, რომელიც შოვს საკმაოდ დიდი აქვს. აქედან გამომდინარე და იმ რისკების გათვალისწინებით, რომელიც შესაძლებელია, რომ იყოს სამომავლოდ, უსაფრთხო ადგილებში კვლავ არის შესაძლებელი, შოვი განვითარდეს – საბოლოო ჯამში, მივიღოთ ოთხსეზონიანი კურორტი და განვავითაროთ კიდევ უფრო მეტად, ვიდრე იყო ამ პერიოდის განმავლობაში.

იმ ადგილას, სადაც ეს უდიდესი მასა არის ჩამოსული, იმ ადგილას არანაირი ინფრასტრუქტურული სამუშაოები არ დაიგეგმება. იქ ალბათ ტყე გაშენდება. ასევე, ვფიქრობთ, უსაფრთხო ადგილას გავაკეთოთ მემორიალი გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად. შოვის მიმდებარე სოფელ გლოლაში ასევე დაიგეგმება ყველა სახელმწიფო პროგრამა, რომელიც დღეს საქართველოში მუშაობს. საუბარია როგორც „აწარმოე საქართველოში“, ასევე სხვადასხვა სახის შეღავათიან კრედიტებზე და სხვადასხვა სახის სასოფლო პროგრამებზე. შოვს აქვს ძალიან დიდი პერსპექტივა და მაქსიმალურად იქნება ეს პერსპექტივა გათვალისწინებული“, – განაცხადა პაპუნა მარგველიძემ.