ვახტანგ გომელაური - სამწუხაროდ, უახლოეს წარსულში გვაქვს ტრაგიკული გამოცდილება, როდესაც პილოტებმა სამაშველო ღონისძიებების დროს საკუთარი სიცოცხლე გარისკეს
ვახტანგ გომელაური - სამწუხაროდ, უახლოეს წარსულში გვაქვს ტრაგიკული გამოცდილება, როდესაც პილოტებმა სამაშველო ღონისძიებების დროს საკუთარი სიცოცხლე გარისკეს

მიუხედავად იმისა, რომ შსს-ს ბალანსზე არსებული ვერტმფრენები აღჭურვილია ღამის ხედვის საშუალებებით, რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, მიზანშეწონილი არ იყო ღამით ფრენის განხორციელება, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში შოვის სტიქიასთან დაკავშირებით ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გომელაურის თქმით, ფრენის განხორციელების შემთხვევაში, შესაძლოა, საფრთხე დამუქრებოდა გადარჩენილ ადამიანებს და ძებნა-შველის ღონისძიებაში ჩართულ პირთა სიცოცხლეს.

„მინდა, კიდევ ერთხელ განვმარტო, რატომ არ მოხდა იმავე ღამეს სტიქიას გადარჩენილი პირების ხეობიდან გამოყვანა. მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებული ვერტმფრენები აღჭურვილია ღამის ხედვის საშუალებებით, კონკრეტულ შემთხვევაში, არსებული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, მით უმეტეს, როდესაც სტიქიას გადარჩენილი ადამიანები საპოლიციო ძალებთან ერთად იმყოფებოდნენ უსაფრთხო ადგილას, მიზანშეწონილი არ იყო ღამით ფრენის განხორციელება, რადგან, შესაძლოა, საფრთხე დამუქრებოდა გადარჩენილ ადამიანებს და ძებნა-შველის ღონისძიებაში ჩართული პირების სიცოცხლეს, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

რაც შეეხება დაკარგულ პირთა სიას, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, სია იყო მუდმივად განახლებადი და მასში არსებული მონაცემები უწყვეტ რეჟიმში ზუსტდებოდა. მისივე თქმით, მეხანძრე-მაშველების მიერ შესაბამისი სპეცტექნიკით მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა ძებნა-შველის სამუშაოები.

„სამწუხაროდ, უახლოეს წარსულში გვაქვს ტრაგიკული გამოცდილება, როდესაც სამაშველო ღონისძიებების დროს პილოტებმა გარისკეს საკუთარი სიცოცხლე. როგორც ყველასთვის ცნობილია, შექმნილი იყო ადგილობრივი საგანგებო შტაბი და მოქმედებდა დამატებით ცხელი ხაზი დაკარგული პირების შესახებ ინფორმაციის დაფიქსირების მიზნით. დაკარგულ პირთა შესახებ შეტყობინებები შედიოდა როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში, ასევე სპეციალურად შექმნილ ცხელ ხაზზე. საერთო ჯამში, მიღებული იქნა 62 შეტყობინება და პირველ ეტაპზე დაკარგულად ითვლებოდა 175 პირი. შეტყობინებების მიღებისთანავე დაიწყო შესაძლო დაკარგული პირების იდენტიფიცირება როგორც შეტყობინების ინიციატორებთან უშუალო კომუნიკაციით, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ბაზების მიხედვით. დაკარგული პირების სია იყო მუდმივად განახლებადი და მასში არსებული მონაცემები უწყვეტ რეჟიმში ზუსტდებოდა. ამასთან, მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა მეხანძრე-მაშველების მიერ ძებნა-შველის სამუშაოები შესაბამისი სპეცტექნიკით. 4 აგვისტოს, დაახლოებით დილის 06:00 საათიდან სამაშველო ოპერაციაში კვლავ ჩაერთო ავიაცია, კერძოდ, სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი. ვერტმფრენის საშუალებით მოხდა გეოლოგთა მონიტორინგის ჯგუფის მიერ ტერიტორიის დათვალიერება. ასევე, განხორციელდა ცხრა სამაშველო ფრენა, რა დროსაც სტიქიის ზონიდან უსაფრთხოდ გამოვიყვანეთ 140 ადამიანი, რომლებმაც მთელი ღამე პოლიციელებთან, მაშველებსა და მესაზღვრეებთან ერთად გაატარეს.

ონის მუნიციპალიტეტში, სამაშველო ღონისძიების გარდა, სახელმწიფო უწყებებისა და სპეციალისტების ჩართულობით მოხდა ყველა შესაბამისი სამუშაოს დაგეგმვა და წარმოება. მძიმე ტექნიკის დახმარებით სტიქიის ზონასთან ალტერნატიული გზები და შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყო. ხიდების, გზებისა და მდინარის კალაპოტის გაწმენდით სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო აწარმოებდა. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სამძებრო სამუშაოებში აქტიურად ჩაერთნენ თავდაცვის ძალები ცოცხალი ძალისა და სპეცსაშუალებების დახმარებით. შოვში, სტიქიის ზონაში ეტაპობრივად გაფართოვდა სამძებრო სამუშაოების არეალი, რის შედეგადაც შოვიდან დაახლოებით 50-60 კმ-ის მოშორებითაც აღმოჩენილი იქნა ცხედრები“, – განახადა ვახტანგ გომელაურმა.