ირაკლი კობახიძე - ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ერთი თვის განმავლობაში შოვში რომ ჩასულიყავით, ამდენ სისულელეს არ იტყოდით, ზუსტად იმიტომ არ ჩახვედით, რომ ბევრი სისულელე გქონოდათ სათქმელი
ოპოზიციონერი პოლიტიკოსები შოვში რომ ჩასულიყავით, ამდენ სისულელეს არ იტყოდით. ზუსტად იმიტომ არ ჩახვედით, რომ ბევრი სისულელე დაგრჩენოდათ სათქმელი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიცია დღესაც შოვის სტიქიასთან დაკავშირებით ტყუილების გავრცელებას განაგრძობს.
„არცერთი თქვენგანი არ იყო შოვში, არათუ პირველივე დღეს, მეორე დღეს თუ ასე შემდეგ, საერთოდ არ ჩასულხართ. მანახეთ ერთი ფოტო, ვინ ჩავიდა. ერთადერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ვინც შოვში ჩავიდა, იყო შალვა ნათელაშვილი. ერთი თვის განმავლობაში შოვში არ ჩასულხართ. შოვში რომ ჩასულიყავით, ამდენ სისულელეს არ იტყოდით. შეგნებულად არ ჩახვედით, რათა ბევრი სისულელე გქონოდათ სათქმელი.
წარმოიდგინეთ, ამათი გუნდის წევრი, რაჭის ყოფილი გუბერნატორი, გვარად სირაძე, რომელიც რაჭველია, რაჭველი ჰქვია და არ ვიცი, ისე რა არის თავისი მენტალიტეტით, ამბობს, რაჭაში ტურიზმი დამთავრდაო. კაცი, რომელიც გუბერნატორი იყო, რაჭველი ჰქვია, რაჭაზე ცოტა გული ხომ უნდა შესტკიოდეს. სხვათა შორის, რაჭველი დეპუტატებიც არიან რადიკალურ ოპოზიციაში და ისინიც არ ჩასულან რაჭაში. არც სამშობლო, არც შენი კუთხე, არაფერი წმინდა არ აქვთ ამ ადამიანებს. რაჭაში ტურიზმი დამთავრდაო, ამბობს რეგიონის შესახებ, რომელიც ტურისტულადაც მიმზიდველია, ყველა სხვა ღირსებას რომ თავი დავანებოთ. წარმოიდგინეთ, რა დონის მავნებლები არიან.
სხვათა შორის, ასეთი განცხადებების შემდეგ სისტემატურად ხდებოდა ჯავშნების გაუქმება რაჭაში, მაშინ როცა ყველამ იცის, რომ არავითარი რისკი რაჭის სხვა კუთხეებს არ ემუქრებოდა. ასეთ განცხადებებს აკეთებდნენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და სამომავლოდ იმედი აქვთ, რომ რაჭაში ტურისტები აღარ ჩავლენ, რათა რაღაცნაირად დამძიმდეს იქ ვითარება. რასაც ქვეყანას უკეთებდნენ, იგივე გადმოიტანეს კონკრეტულად რაჭაზე. ამას აკეთებს კაცი, რომელსაც რაჭველი ჰქვია და გუბერნატორი იყო – სირაძე, ყოფილი გუბერნატორი. უსამშობლო ხალხი, არც სამშობლო იციან, არც კუთხე, არაფერი იციან ამ ადამიანებმა. რამე რომ იცოდნენ, მორალური ნიშანწყალი ჰქონდეთ, ამდენ ტყუილს არ იკადრებდნენ. დღევანდელი სხდომაც ამის დემონსტრირება იყო. დღესაც სამარცხვინოდ აგრძელებენ ტყუილების ლაპარაკს, ტყუილების გავრცელებას. ეს ყველაფერი უბრალოდ სირცხვილია. სტიქია, ტრაგედია არის ისეთი რამ, რამაც ყველა უნდა გააერთიანოს, მაგრამ თუ არაფერი წმინდა არ გაქვს, რა თქმა უნდა, შენ ვერაფერი ვერავისთან ვერ გაგაერთიანებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც შოვის სტიქიის დროს სამაშველო ოპერაციებში იყო ჩართული.
„მინდა, კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო, პირველ რიგში, იმ ადამიანებს, რომლებიც პირველივე წუთებიდან იყვნენ ჩართული სტიქიასთან ბრძოლაში. ესენი იყვნენ მაშველები, პოლიციელები, სამხედროები, ინფრასტრუქტურაზე, მძიმე ტექნიკაზე მომუშავე ადამიანები. მადლობა თითოეულ მათგანს. წარმოუდგენელი იყო, რა სამუშაო სრულდებოდა ამ ადამიანების მიერ. ვინც მძიმე ტექნიკაზე მუშაობდა, დღე და ღამე არ გაჩერებულა, რა ენერგია ჰქონდათ. უდიდესი სამუშაო იქნა გაწეული და უდიდესი მადლობა თითოეულ მათგანს. მადლობა შს მინისტრს დღევანდელი მოხსენებისთვის და სამუშაოსთვის, რომელიც მისი მხრიდან იქნა გაწეული. განსაკუთრებით მადლობა ჩვენს დეპუტატს, გოჩა ენუქიძეს. მთელი თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ერთი დღე არ გამოსულა სტიქიის ზონიდან. ეს არის, რასაც უნდა აკეთებდე პარლამენტის წევრი და რასაც უნდა აკეთებდეს რაჭველი კაცი, ეს არის დამოკიდებულება საკუთარი რეგიონის მიმართ და არა ის, რასაც, სამწუხაროდ, დღეს მეორე მხარეს ვხედავდით. მადლობა გოჩა ენუქიძეს, მადლობა მინისტრს და, რაც მთავარია, მადლობა თითოეულ ადამიანს, რომელიც სტიქიასთან ბრძოლაში იყო ჩართული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.