ვასილ მაღლაფერიძე - ბევრწილად, საქართველოში მთელი რიგი დამოკიდებულებები გარედან იყო წაქეზებული, ამიტომ, არჩევნები ავტონომიურ რეჟიმში თუ ჩავატარეთ, მშვიდი წელიწადი იქნება
ვასილ მაღლაფერიძე - ბევრწილად, საქართველოში მთელი რიგი დამოკიდებულებები გარედან იყო წაქეზებული, ამიტომ, არჩევნები ავტონომიურ რეჟიმში თუ ჩავატარეთ, მშვიდი წელიწადი იქნება

დიდი გეოპოლიტიკიდან გამომდინარე, თუ იქნება საშუალება, რომ უფრო ავტონომიურ რეჟიმში წარიმართოს ჩვენი პოლიტიკური პროცესი, მაშინ ძალიან წყნარი წელიწადი უნდა იყოს, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.

„ისევ ჩვენ თუ აღმოვჩნდით ეპიცენტრში, მაშინ დაიწყება, დადგეს თუ არა ეჭვქვეშ რაღაც კენჭისყრები, არჩევნები სწორად ჩატარდა, მაგრამ რაღაც არ მოგვწონდა და ა.შ. ეს მუდმივად არის, როდესაც მსაჯობა მიდის ინტერესიდან გამომდინარე, პოლიტიკაში კი ინტერესი ყოველთვის ჩართულია. აი, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი გამოწვევა, რადგან მაინც პატარა ქვეყანა ვართ და დამოკიდებული ვართ საერთო პროცესებზე.

მოკლედ, თუ არჩევნები ავტონომიურ რეჟიმში ჩავატარეთ, მშვიდი წელიწადი იქნება. წინა გამოცდილებებიდან ვიტყვი, რომ, ბევრწილად, მთელი რიგი დამოკიდებულებები გარედან იყო ხოლმე წაქეზებული და ამაზე ვართ დამოკიდებული, რამდენად მოიცლიან ჩვენთვის“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

მისი თქმით, გამოცდილების მიხედვით, იკვეთება ხოლმე ტენდენცია, რომ გარეთ აინტერესებთ არა ნამდვილად სწორად ჩატარდა თუ არა რაღაც პროცესი, არამედ ის, შედეგი რამდენად არის მათი ინტერესის შესაბამისი.

„ვიღაც თუ ჩათვლის, რომ რაღაც პროცესები, პირობითად, ხელს უწყობს დემოკრატიის განვითარებას, მაშინ ამაზე შეიძლება თვალის დახუჭვა და ასეთი პროცესებისთვის ხელის შეწყობა. ეს ჩემი თვალით მინახავს“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

ამასთან, ვასილ მაღლაფერიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა, რომ ხშირად არის შთაბეჭდილება, თითქოს საქართველოში იქმნება მსოფლიო პოლიტიკის გეოპოლიტიკური არქიტექტურული სურათი, რაც ტყუილია და ეს აზროვნებას ზღუდავს.

„ამ ნიადაგზე ხდება ხოლმე დაპირისპირება, იმის მაგივრად, ჩვენ ვთქვათ, რა მოხდება ამ დროს და როგორ უნდა დავუხვდეთ ამ გამოწვევას. მაგალითად, ასე უნდა დავსვათ ამოცანა, როგორ შეხვდეს საქართველო, როდესაც ჩინეთი მიდის დასავლეთისკენ, დასავლეთი მიდის ჩინეთისკენ და სადღაც შეხვდებიან ერთმანეთს. ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული და უნდა გავაანალიზოთ. ის კი არა, რომ დავდგეთ და დილიდან საღამომდე თემურ ლენგი ვლანძღოთ, ცუდი იყო თუ ბოროტი, არამედ გავაანალიზოთ, რომ აბრეშუმის გზების გამო ხდებოდა დაპირისპირებები. ჩვენ კი არ გვეკითხებოდნენ ამას, ასე უნდა გაევლო. თემურ ლენგს ჰქონდა ხელშეკრულება გენუელებთან და ვენეციელებთან. ისტორიას ჩავხედოთ და გავაანალიზოთ, როგორ ავუღოთ ალღო პროცესებს. აი, ამაზე უნდა ვისაუბროთ“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.