ვასილ მაღლაფერიძე - მეორე წელია, პირველი არხის საქმიანობაზე აუდიტის დადებითი დასკვნა მზადდება, აგვისტოში არხი ახალ შენობაში გადავა და ყველა დაინახავს, როგორ იხარჯებოდა თანხა
ვასილ მაღლაფერიძე - მეორე წელია, პირველი არხის საქმიანობაზე აუდიტის დადებითი დასკვნა მზადდება, აგვისტოში არხი ახალ შენობაში გადავა და ყველა დაინახავს, როგორ იხარჯებოდა თანხა

გარე აუდიტის დასკვნა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც იქმნება საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ და სადაც ასახულია საზოგადოებრივი მაუწყებლის ანგარიში, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა.

მაღლაფერიძის თქმით, უკვე მეორე წელია, საქართველოს პირველი არხის საქმიანობაზე აუდიტის მიერ დადებითი დასკვნა მზადდება.

„უნდა ითქვას, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი პირნათელია საზოგადოების წინაშე, 33 500 ოპერაციაა ჩატარებული და ფაქტობრივი ცდომილება არ არის, თუ არ ჩავთვლით 16 ლარს. ეს ნიშნავს, რომ პირველი არხი უნიკალურად გამართულად საქმიანობს და მუშაობის თამასა აწეულია. ყოველთვის ასე არ იყო, სხვა ორგანიზაციების განხილვაში არ შევალ, მაგრამ უკვე მეორე წელია, პირველი არხის საქმიანობაზე აუდიტის მიერ ზედიზედ დადებითი დასკვნა მზადდება. უკვე დადგენილია, რომ აგვისტოში პირველი არხი ახალ შენობაში გადავა, პასუხი გაეცემა კითხვას, რომელიც განუწყვეტლივ ისმებოდა, ხშირად განზრახ უსამართლოდაც. ეს მხოლოდ ძალას გვაძლევდა. აგვისტოს ბოლოს დაინახავს ყველა, რამდენად სწორად იხარჯებოდა თანხა. უკვე არსებობს აუდიტის დასკვნა და ყველას, მოკეთესაც, ნაკლებად მოკეთესაც და დაეჭვებულსაც შეუძლია, წაიკითხოს. ამავე დროს, საზოგადოებრივ მაუწყებელს არსებულმა მენეჯმენტმა დაუწესა ახალი თამასა, ამის იქით ჩამოსვლას და თუნდაც უმნიშვნელო ხარვეზებზე საუბარს საზოგადოება არ აპატიებს და არც უნდა აპატიოს. ეს არის ახალი ნიშნული, რომლითაც საზოგადოებრივი მაუწყებელი იწყებს ახალ ცხოვრებას. ეს არის მენეჯმენტის უდავოდ დიდი გამარჯვება და, გარკვეულწილად, თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი, რომ სამეურვეო საბჭოშიც ამაყები ვართ“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ, შპს „მოორ ეიბისიმ“ საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსურ ანგარიშგებაზე დადებითი დასკვნა მოამზადა.