ვაშლიჯვარში, ერთ-ერთ კორპუსში კუსტარულად გაყვანილი შიდა ქსელი და წებოვანი ლენტით გადაბმული რეზინის მილები აღმოჩნდა
ვაშლიჯვარში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტებს უსაფრთხოების წესებისა და ტექნიკური ნორმების დარღვევით, კუსტარულად გაყვანილი შიდა ქსელი და წებოვანი ლენტით გადაბმული რეზინის მილები დახვდათ.
როგორც „ყაზტრანსგაზ-თბილისში“ აცხადებენ, 7ა კორპუსის მცხოვრებლებმა მეოთხე სართულზე გაზის სუნი იგრძნეს, რის შემდეგაც კომპანიის წარმომადგენლები და სამაშველო სამსახური გამოიძახეს.
„ყაზტრანსგაზის“ სპეციალისტების განცხადებით, ბინაში ბუნებრივი აირის ძლიერი კონცენტრაცია იყო. მათივე თქმით, კორპუსს სასწრაფოდ შეუწყვიტეს გაზმომარაგება და საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლების გადაწყვეტილებით, მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა.
როგორც პირველ არხს კორპუსის ერთ-ერთმა მცხოვრებმა განუცხადა, ბინა დაკეტილი იყო. მისი მეპატრონე რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა და ბინაში ამჟამად არავინ ცხოვრობს.