საკრებულოს გადაწყვეტილებით „ვარდების მოედანს“ „პირველი რესპუბლიკის“ სახელობის მოედანი ეწოდება.
გადაწყვეტილება საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ხმათა უმრავლესობით მიიღეს.
კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია ფრაქცია „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“. ოპოზიციის წარმომადგენლები სხდომას პროტესტის ნიშნად არ ესწრებოდნენ.
საკრებულოს სხდომაზე დღეს ასევე მხარი დაუჭირეს თბილისში მდებარე რამდენიმე ქუჩისთვის სახელების გადარქმევის საკითხსაც.
სახელი შეეცვალა 15 ქუჩას, რომელთაც ამ დრომდე რევოლუციონერების სახელს ატარებს, მათ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერ სახელმწიფო მოღვაწეთა სახელები დაერქვათ.
კერძოდ, თბილისში ჩუღურეთის რაიონში ცხრა ძმის ქუჩას და მასთან არსებულ სამ შესახვევს ცხრა ძმა ხერხეულიძის სახელი დაერქვა. თბილისში, ჩუღურეთის რაიონში ცხრა ძმის მოედანს ცხრა ძმა ხელრხეულიძის სახელი ეწოდა. თბილისში, კრწანისის რაიონში, მირ ვეზიროვის ქუჩას სახელმწიფო მოღვაწის ნიკოლოზ ჩხეიძის სახელი მიენიჭა. თბილისში, კრწანისის რაიონში მდებარე სერგი სურგულაძუს ქუჩას და მასთან არსებულ ორ შესახვევს სახელმწიფო მოღვაწის ევგენი გეგეჭკორის სახელი მიენიჭა. თბილისში, ჩუღურეთის რაიონში ვასიკ კიკვიძის ქუჩას და მასთან არსებულ Iჩიხს ბენიამინ ჩხიკვიშვილის სახელი ეწოდა. თბილისში, ისნის რაიონში ვლადიმერ მიქელაძის ქუჩას ნოე ხომერიკის სახელი მიენიჭა. თბილისში, ისნის რაიონში მდებარე სურენ სპანდარიანის ქუჩას გიორგი ლასხიშვილის სახელი ეწოდა. თბილისში ისნის რაიონში მდებარე გრიგიკ მათიაშვილის ქუჩას ელისაბედ ორბელიანის სახელი მიენიჭა. თბილისში, ისნის რაიონში მდებარე თეოდორე აფანასიევის ქუჩის მონაკვეთს ეკატერინე მელიქიშვილის სახელი ეწოდა. თბილისში, ისნის რაიონში მდებარე თეოდორე აფანასიევის ქუჩის მონაკვეთს ოლღა გურამიშვილი-ნიკოლაძის სახელი მიენიჭა. თბილისში, ნაძალადევის რაიონში მდებარე მელიტონ ფილიას სახელობის ქუჩას სიო მდივანის სახელი ეწოდა. თბილისში, ნაძალადევის რაიონში მდებარე სილიბისტრო თოდრიას ქუჩის მონაკვეთს სამსონ ფირცხალავას სახელი დაერქვა. თბილისში, ნაძალადევის რაიონში მდებარე სილიბისტრო თოდრიას ქუჩის მონაკვეთს ვლასა მგელაძის სახელი მიენიჭა. თბილისში, სამგორის რაიონში მდებარე აბელ ენუქიძის ქუჩის მონაკვეთს პეტრე სურგულაძის სახელი ეწოდა.