ვანუატუს საგარეო საქმეთა, საერთაშორისო თანამშრომლობისა და ვაჭრობის მინისტრი, რალფ რეგენვანუ საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ოძისში ჩავიდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა რალფ რეგენვანუს საოკუპაციო ხაზთან შექმნილი ვითარება გააცნეს. ოძისიდან კარგად ჩანს ოკუპირებული ახმაჯის რუსული სამხედრო ბაზა.
ვანუატუს საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. 14 მარტს რალფ რეგენვანუ შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთ მინისტრ დავით ზალკალიანსა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა 2011 წელს გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ვანუატუმ აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა. გაერო-ში ვანუატუს ელჩმა კი განაცხადა, რომ ვანუატუს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ განცხადება არ გაუკეთებია. ელჩმა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ინფორმაცია უარყო.
ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2018 წლის 26 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციით, დავით ზალკალიანმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში შეხვედრა გამართა ვანუატუს საერთაშორისო თანამშრომლობისა და საგარეო საქმეთა მინისტრთან რალფ რეგენვანუსთან. შეხვედრაზე კმაყოფილებით აღინიშნა საქართველოსა და ვანუატუს შორის ბოლო წლების განმავლობაში განვითარებული მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, გაერო-ს ფარგლებში. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ვანუატუს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების პატივისცემისთვის, რომლის საფუძველზეც ვანუატუმ გაიწვია საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. აღიარება.