პასპორტებით ვაჭრობის გამო, ევროკავშირი ვანუატუს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმებას გეგმავს
პასპორტებით ვაჭრობის გამო, ევროკავშირი ვანუატუს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმებას გეგმავს

პასპორტებით ვაჭრობის გამო, ევროკავშირი ვანუატუს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმებას გეგმავს.

ეს პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც ევროკავშირი მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებს.

როგორც „გარდიანი“ წერს, საქმე ეხება ე.წ. ოქროს პასპორტებს, რომლებსაც ვანუატუს ხელისუფლება გარკვეული საფასურის გადახდისა ან ინვესტიციის დაბანდების შემთხვევაში გასცემდა.

აღსანიშნავია, რომ „ოქროს პასპორტებით“ მსოფლიოში არაერთი ქვეყანა ვაჭრობს და ამ ბაზრის ფინანსურ ბრუნვას ექსპერტები 25 მილიარდ დოლარად აფასებენ. ევროკავშირში შიშობენ, რომ ამ სქემებს იყენებენ, როგორც ბოროტმოქმედები, ისე გადასახადების დამალვის მსურველები.

როგორც ირკვევა, ვანუატუს მოქალაქეობის მიღება სულ 130 ათასი დოლარის სანაცვლოდ არის შესაძლებელი. ამისთვის ვანუატუში ჩასვლაც არ არის საჭირო, პასპორტის მიღება შეიძლება დისტანციურად და მოკლე ვადაში. ბოლო რვა წელიწადში ვანუატუს მოქალაქე 10.5 ათასი ინვესტორი გახდა. უარი მხოლოდ ერთს უთხრეს.

აღნიშნულმა ფაქტმა ევროკომისია შეაშფოთა და მათ მოლაპარაკებები გამართეს ვანუატუს ხელისუფლებასთან.

ამასთან, როგორც ირკვევა, ვანუატუს მოქალაქეობა მიიღეს ისეთმა პირებმაც, ვისზე ძებნაც ინტერპოლს აქვს გამოცხადებული და ასევე, საეჭვო პირებმა სირიიდან, იემენიდან, ირანიდან და ავღანეთიდან.

ვანუატუს მოქალაქეობის მიმღებებს შორის ყველაზე მეტი ჩინელი იყო – 40%, რუსები იყვნენ 3%.

„ინვესთმენთ მიგრეიშენ ინსაიდერის“ გათვლებით, პასპორტებით ვაჭრობიდან მიღებული მოგება ვანუატუს მთლიანი შემოსავლის თითქმის ნახევარს შეადგენს.

ევროკომისია უკვე გამოვიდა ინიციატივით, რომ ვანუატუს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა შეუწყდეთ. თუ ამ გადაწყვეტილებას ორგანიზაციის 27 წევრი თუ დაუჭერს მხარს, მაშინ ყველას, ვინც 2015 წელის შემდეგ მიიღო ვანუატუს პასპორტი, ევროპაში გასამგზავრებლად ვიზა დასჭირდება.

„ოქროს პასპორტებს“ ბრძოლა ევროკავშირმა ჯერ კიდევ 2019 წელს გამოუცხადა. ამ საკითხზე ორგანიზაცია უჩივის საკუთარ წევრებს, მალტასა და კვიპროსს. ბრიუსელი მოითხოვს, რომ მათ მოქალაქეობის გაცემის პირობები გაამკაცრონ.

2019 წელს ევროკავშირმა ასევე კონტროლზე აიყვანა მსგავსი პასპორტებით ვაჭრობის პროგრამები მოლდოვაში, მონტენეგროსა და ალბანეთშიც.