ენძელა მაჭავარიანი - ექიმები საზღვრებს გარეშე არიან, ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალი უნდა იყოს
ენძელა მაჭავარიანი - ექიმები საზღვრებს გარეშე არიან, ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალი უნდა იყოს

მმართველი გუნდის წარმომადგენელი ენძელა მაჭავარიანი სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა, სადაც ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.

მაჭავარიანის თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილი უნდა გათავისუფლდეს და ხალხის ერთად დგომა, მნიშვნელოვანია.

მაჭავარიანი პირადად გაესაუბრა ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს და მას თანადგომა გამოუცხადა.

„ვფიქრობ, ყველა ადამიანის სათქმელია, რომ ექიმები საზღვრებს გარეშე არიან და ვაჟა ექიმი თავისუფალი უნდა იყოს. ვიცით, რომ რუსეთი ოკუპანტია და ისიც ვიცით, რომ რუსეთს შიშველი ხელებით ვერ დაამარცხებ. ერთად დგომა არის ჩვენი ერთად ყოფნის გამოხატულება, რომ ჩვენ ძლიერები ვართ. გავაგონებთ მსოფლიო თანამეგობრობას, რომ დაგვეხმაროს ვაჟა ექიმის გათავისუფლებაში. მარტო ჩვენ ვერ დავამარცხებთ. მე ვესაუბრე ოჯახს. როგორც არ უნდა გვემუშავა ჩვენ, მიმაჩნია, რომ თუ რამე დავაკელით და სათანადოდ ვერ ჩავაყენეთ საქმის კურსში, ბოდიშს ვუხდი მას ამისთვის. არ მინდა, ოჯახმა თავი იგრძნოს მარტო, რადგან  ჩვენთვის ვაჟა ექიმი, როგორც ერთი მოქალაქე, ძალიან ძვირფასია. ძალიან გვინდა, ჩვენი ხმა მსოფლიომ გაიგონოს“ ,- განაცხადა ენძელა მაჭავარიანმა.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე ერთ თვეზე მეტია, ცხინვალის იზოლატორში პატიმრობაში იმყოფება. ექიმი 9 ნოემბერს დააკავეს.

ოკუპანტები ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. საზღვრის კვეთაში სდებენ ბრალს, თუმცა გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საზღვრებს არ აღიარებს და შესაბამისად, არც ბრალს აღიარებს.

ოკუპირებულ ცხინვალში 13 დეკემბერს ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი გაიმართა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა.