ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერ აქციაზე ჰაერში ბუშტები და თეთრი ხალათი გაუშვეს [ფოტო]
ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერ აქციაზე ჰაერში ბუშტები და თეთრი ხალათი გაუშვეს [ფოტო]

სოფელ ოძისთან ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები სხვადასხვა ბანერებით არიან შეკრებილები, რომლებზეც ოკუპაციას აპროტესტებენ და ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ.

საოკუპაციო ხაზთან აქციის მონაწილეებმა, სიმბოლურად, საჰაერო ბუშტებით თეთრი ხალათი გაუშვეს.

ოჯახის სახელით მიმართვა გააჟღერა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ, თამილა ლაფანაშვილმა. მისი თქმით, ექიმებს საზღვრები არ აქვთ არც მშვიდობის და არც ომიანობის დროს.

თამილა ლაფანაშვილს ხელში ეჭირა ბანერი, რომელზეც ოსი ექიმების მისამართით მიმართვა იყო ოსურ და ქართულ ენებზე.

„ოსო ექიმებო, ერთად ვიზრუნოთ ჩვენ ავადმყოფებზე და მიეცით ამის საშუალება ვაჟა ექიმს“, – განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა.

აქციაზე იმყოფებიან პოლიტიკოსებიც. მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრები, ასევე ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.