ემანუელ მაკრონი - ინდო-წყნარ ოკეანეთში ჩნდება ახალი იმპერიალიზმი და ძალაუფლების ლოგიკა, რომელიც საფრთხეს უქმნის ყველაზე პატარა სახელმწიფოების სუვერენიტეტს
ემანუელ მაკრონი - ინდო-წყნარ ოკეანეთში ჩნდება ახალი იმპერიალიზმი და ძალაუფლების ლოგიკა, რომელიც საფრთხეს უქმნის ყველაზე პატარა სახელმწიფოების სუვერენიტეტს

ინდო-წყნარ ოკეანეთში ჩნდება ახალი იმპერიალიზმი და ძალაუფლების ლოგიკა, რომელიც საფრთხეს უქმნის ყველაზე პატარა სახელმწიფოების სუვერენიტეტს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ვანუატუში ვიზიტის დროს განაცხადა.

ფრანგული მედიის შეფასებით, მაკრონი ცდილობს, რეგიონის ქვეყნებს შესთავაზოს ფრანგული ალტერნატივა, სადაც აშშ და ჩინეთი კონკურენციაში არიან.

„,ინდო-წყნარი ოკეანის ჩვენი სტრატეგია, უპირველეს ყოვლისა, არის, პარტნიორობით დავიცვათ რეგიონის ყველა სახელმწიფოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, რომლებიც მზად არიან, ჩვენთან იმუშაონ“, – თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ თავისუფლად საუბრობს წყნარ ოკეანეთში დიდი სახელმწიფოების ამბიციების შესახებ, რადგან საფრანგეთი ვანუატუში აღიარებს საკუთარ კოლონიურ წარსულს.

მაკრონის თქმით, ყოფილმა ფრანგულ-ბრიტანულმა კოლონიამ, ვანუატუმ გაუძლო „სიმდიდრის დატაცებისა და ხალხის ექსპლუატაციის“ კოლონიურ ისტორიას.

„ჩვენ ვართ ამ წარსულის მემკვიდრეები. ვანუატუმ განიცადა ისეთივე სასტიკი კოლონიზაცია, როგორიც იყო დაწესებული სხვაგან, აფრიკაში ან აზიაში. ეს მემკვიდრეობა არ უნდა იყოს დავიწყებული“, – აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.

საფრანგეთს ჰყავს 1.6 მილიონი მოქალაქე აზია-წყნარ ოკეანეში, ზღვის იქეთა ტერიტორიებზე, მათ შორის ახალ კალედონიასა და საფრანგეთის პოლინეზიაში.