ვახუშტი მენაბდე - საარჩევნო რეფორმებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის ნაწილმა და მმართველმა გუნდმა უარყო შეთავაზება, რომ პრეზიდენტთან შექმნილიყო კომისია, სადაც ოპოზიცია და ხელისუფლება შევიდოდნენ
ვახუშტი მენაბდე - საარჩევნო რეფორმებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის ნაწილმა და მმართველმა გუნდმა უარყო შეთავაზება, რომ პრეზიდენტთან შექმნილიყო კომისია, სადაც ოპოზიცია და ხელისუფლება შევიდოდნენ

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელის, კონსტიტუციონალისტის, ვახუშტი მენაბდის ინფორმაციით, საარჩევნო რეფორმებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფს ცესკო-ს დაკომპლექტების ახალი მოდელი წარედგინა, რომელიც 17 წევრისგან შედგება და სადაც რვა წევრი პროფესიული ნიშნით იქნება არჩეული, ხოლო ცხრა პარტიული წარმომადგენელი.

როგორც ჟურნალისტებს მენაბდემ განუცხადა, ეს მოდელი იმას ნიშნავს, რომ პარტიული მიმართულებით, თითო საპარლამენტო პარტიიდან თითო წარმომადგენელი დაინიშნება ცესკო-ში.

„ჩვენი აზრით, ეს არ არის ის კონსენსუსური მოდელი, რაზეც ამდენი ხანია, ვსაუბრობთ და რაც შეიძლება, ყოფილიყო არსებითად ფუნდამენტური გადახედვა ცესკო-ს მუშაობის პრინციპის. ის ამბიცია, რაც აქვს მემორანდუმს, ამ ნაწილში მიუღწეველი დარჩება, თუ ეს შემოთავაზებული ვერსია იხილავს დღის სინათლეს.

ვმუშაობდით იმისთვის, რომ გაზრდილიყო ოპოზიციის მონაწილეობის ხარისხი ცესკო-ს დაკომპლექტების პროცესში. ანუ, ორმხრივი მხარდაჭერით დაკომპლექტებულიყო საარჩევნო კომისია. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, როგორც ჩანს, ამას არ იზიარებენ დეპუტატები, რაც მემორანდუმის მიზნებს ეწინააღმდეგება. ჩვენ ვთავაზობდით, რომ პრეზიდენტთან კომისია შექმნილიყო, სადაც ოპოზიცია და ხელისუფლება შევიდოდნენ და პრეზიდენტს შეთანხმების საფუძველზე წარუდგენდნენ კანდიდატურებს, რომელსაც ბოლოს პარლამენტი დაამტკიცებდა. ეს იყო ყველაზე გონივრული გამოსავალი ამ ჩიხიდან, მაგრამ ეს ვერსია სამუშაო ჯგუფის ნაწილმა და მმართველმა გუნდმა უარყო“, – განაცხადა მენაბდემ.