ვახუშტი მენაბდე - პოლიტიკური სისტემა პოლიტიკოსებს აიძულებს, ითამაშონ თამაში, გამარჯვებულს მიაქვს ყველაფერი, დამარცხებულს არაფერი რჩება, როცა დამარცხებული ხარ, გრჩება ერთადერთი რამ, ქუჩა
ვახუშტი მენაბდე - პოლიტიკური სისტემა პოლიტიკოსებს აიძულებს, ითამაშონ თამაში, გამარჯვებულს მიაქვს ყველაფერი, დამარცხებულს არაფერი რჩება, როცა დამარცხებული ხარ, გრჩება ერთადერთი რამ, ქუჩა

როცა ამომრჩეველი კაბინაში არჩევანს აკეთებს და უბნის კართან ხელჩართული ჩხუბია, ეს ამახინჯებს ამომრჩევლის განწყობას და მას ცაიტნოტში აგდებს, რომ მიიღოს ის რაციონალური გადაწყვეტილება, რასაც მეორე დღეს მოიწონებს, – განაცხადა კონსტიტუციონალისტმა, ვახუშტი მენაბდემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021“.

„ეს ჰგავს რაღაც ეიფორიას. ნარკოტიკული თრობაც გარკვეული ეიფორიაა, ალკოჰოლურიც და მეორე დღეს რომ იფიქრებ, წინა ღამით რა გავაკეთეო, აი, ასეთი ვითარება იქმნება პოლიტიკურად. ამომრჩეველი მეორე დღეს, როდესაც ყველაფერი დამშვიდდება, ფიქრობს, რამდენად სწორი გადაწყვეტილება მიიღო იმ ეიფორიაში, კენჭისყრის დღეს, კაბინაში. ეს ხელს არ უწყობს არც მდგრადობას, არც სწორ პოლიტიკურ განვითარებას და არც ამომრჩევლის კმაყოფილებას საკუთარი არჩევანით“, – განაცხადა მენაბდემ.

მისი თქმით, თუ არსებულ ორ პოლუსს ქვეყნის მართვაზე აქვს ამბიცია, თუ მათი ამოცანა ქვეყნის განვითარების ნაცვლად ერთმანეთის განადგურებაა, მაშინ ვიღებთ ვითარებას, სადაც მათი ერთადერთი ბუნებრივი ინსტიქტი რჩება, პროცესების მაქსიმალური რადიკალიზაცია, რათა რაც შეიძლება, მეტი ხმა წაიღონ.

როგორც მენაბდემ ასევე აღნიშნა, ჩვენი პოლიტიკური სისტემა დიდი ხანია, თამაშის ერთადერთ წესზე დგას, რომელიც ასე ჟღერს – გამარჯვებულს მიაქვს ყველაფერი.

„ეს ჩვენ სისტემაში სტრუქტურულად არის გაფორმებული და ყველაფერი ასე მუშაობს. ასე მუშაობს საარჩევნო სისტემა; შემდეგ, ასე მუშაობს პარლამენტში გადაწყვეტილების მიღების სისტემა და მერე უკვე, ასე მუშაობს პოლიტიკური პარტიები. ჩვენთან ყველა გადაწყვეტილებას იღებს უმრავლესობა და შესაბამისად, მათ სისტემაც უბიძგებს აქეთკენ, რომ ასეთები იყვნენ, როგორებიც არიან. ჩვენი პოლიტიკური სისტემა პოლიტიკოსებს აიძულებს, რომ ითამაშონ თამაში – გამარჯვებულს მიაქვს ყველაფერი. დამარცხებულს არაფერი არ რჩება და როცა დამარცხებული ხარ და არაფერი არ გრჩება, გრჩება ერთადერთი რამ, ქუჩა. აი, აქედან არის მერე იქნებ, რიგგარეშე, იქნებ, რაღაც რევოლუცია, თუ ასე შემდეგ, რომ როგორღაც, მერე მე გავხდე ის, ვინც ყველაფერს წაიღებს. თუ ჩვენ ისეთი სისტემა გვექნება, რომელიც ამ ძალაუფლებას და გადაწყვეტილებების მიღებას გადაანაწილებს-გააზიარებს, ჩვენი პოლიტიკოსები იძულებული იქნებიან, ეს გააკეთონ“, – განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.