ვახუშტი მენაბდე - ცესკო-ში თითოეული წევრი უნდა დაინიშნოს ოპოზიციისა და ხელისუფლების თანხმობით, მზად ვართ, სამუშაო ჯგუფში ვიმსჯელოთ, ოპოზიციის რა პროცენტული ჩართულობა იქნება საჭირო
ვახუშტი მენაბდე - ცესკო-ში თითოეული წევრი უნდა დაინიშნოს ოპოზიციისა და ხელისუფლების თანხმობით, მზად ვართ, სამუშაო ჯგუფში ვიმსჯელოთ, ოპოზიციის რა პროცენტული ჩართულობა იქნება საჭირო

წინა შეხვედრაზე ვერ დავინახეთ ენთუზიაზმი, რომ ყველაზე პრინციპული საკითხები გაეზიარებინათ, დღეს ახალი წინადადებით მოვედით, – ამის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წევრმა, ვახუშტი მენაბდემ პარლამენტის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ახალი წინადადებები ეხება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასა და საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებას.

მისივე განმარტებით, მათი პოზიციაა, რომ ცესკო-ში თითოეული წევრი დაინიშნოს ოპოზიციისა და ხელისუფლების თანხმობით.

„არცთუ კმაყოფილი ვიყავით წინა შეხვედრის დასრულების შემდეგ, რადგან ვერ დავინახეთ ენთუზიაზმი, რომ ყველაზე პრინციპული საკითხები გაეზიარებინათ, რაც ეხებოდა საარჩევნო სისტემას. დღეს ახალი წინადადებით ვართ მოსული. სამუშაო ჯგუფს ვთავაზობთ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩავატაროთ სრულად პროპორციული სისტემით, სიებით, ოღონდ, სიების წარდგენის უფლება უნდა მივანიჭოთ არა მხოლოდ პარტიებს და ბლოკებს, არამედ მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფებსაც. ამით გადავლახავთ კრიტიკას, რომელიც არსებობს დღევანდელი პროპორციული სიების მიმართ, სადაც წარდგენის უფლება მხოლოდ პარტიებს აქვთ.

მეორე წინადადება ეხება საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებას. ორ თემაზე ვსაუბრობთ, ერთია შერეული დაკომპლექტება – პარტიული და პროფესიული, რასაც საია არ იზიარებს. მეორე ვერსია ეხება სრულად პროპორციულს – ეს მისაღებია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციურ პარტიებს ექნებათ დაკომპლექტების დროს სავალდებულო თანხმობის შესაძლებლობა. ანუ, ცესკო-ში თითოეული წევრი უნდა დაინიშნოს ოპოზიციისა და ხელისუფლების თანხმობით. როდის მოხდება ეს თანხმობა და ოპოზიციის რა პროცენტული ჩართულობა იქნება საჭირო, მზად ვართ, ამაზე ვიმსჯელოთ. ოპოზიციის როლი არსებითად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

პარლამენტში დღეს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს, რომელზეც მიწვეული არიან საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.