ვახუშტი მენაბდე - პროპორციულ ბუნებრივ ბარიერზე გადასვლა მნიშვნელოვანი მონაპოვარია და კარგი დასაწყისია ნებისმიერი მსჯელობისთვის
პროპორციულ ბუნებრივ ბარიერზე გადასვლა ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარია და ძალიან კარგი დასაწყისია ნებისმიერი მსჯელობისთვის, – ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა, ვახუშტი მენაბდემ განაცხადა, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობს.
მისი თქმით, მსჯელობა კარგ საფუძველზე იწყება.
„მე ვგულისხმობ პროპორციულ ბუნებრივ ბარიერზე გადასვლას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარია, ძალიან კარგი დასაწყისია ნებისმიერი მსჯელობისთვის. ამიტომ, ჩვენი მოტივაციაა, ამ კარგ საფუძველზე დავაშენოთ სხვა კარგი შენობა. სწორედ ამიტომ ვმონაწილეობთ აღნიშნულ ფორმატში, რომ ხარვეზები, რომლებსაც ვხედავთ, გავაცნოთ სხვა მონაწილეებს. მაგალითად, მიგვაჩნია, რომ უნდა გადავიდეთ პროფესიულ საარჩევნო ადმინისტრაციაზე, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ 2020 წლის პარლამენტი ძალიან მრავალფეროვანი იქნება, უმრავლესობა არ იქნება მყარი. ჩვენ მხარს ვუჭერთ სქესთა კვოტირებას. ეს ნიშნავს, რომ ქალებს უნდა მიეცეთ ქართულ პოლიტიკაში ჩართულობის ინსტიტუციური გარანტიები და იდეალურ შემთხვევაში, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყოველი მეორე კანდიდატი განსხვავებული სქესის უნდა იყოს საარჩევნო სიაში“, – განაცხადა მენაბდემ.
საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ მიმდინარეობს. შეხვედრის დაწყებამდე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგი გამართა და უმრავლესობის მიერ საარჩევნო კანონმდებლობაში მომზადებული ცვლილებების პროექტი წარადგინა. ცვლილებები შეეხება პარტიების დაფინანსების წესს, უფასო საეთერო დროს, ბიულეტენის ნამდვილობის შემოწმების წესსა და სხვა საკითხებს.