ესპანეთის სასამართლომ პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისთვის დააჯარიმა
ესპანეთის სასამართლომ პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისთვის დააჯარიმა

ესპანეთის სასამართლომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, პედრო სანჩესი საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისთვის დააჯარიმა.

მედიის ინფორმაციით, 2019 წლის კამპანიის დროს დარღვევისთვის, გასულ თვეში ესპანეთის მთავრობის ხელმძღვანელმა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ოპოზიციურ „სახალხო პარტიას“ 2 420 ევრო გადაუხადა.

პედრო სანჩესისთვის ჯარიმა დაწესდა პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ რეზიდენციაში ტელეარხ „ლა სექსტასთვის“ მიცემულ ინტერვიუსთან დაკავშირებით, რომელშიც სანჩესმა საკუთარი კამპანია აწარმოა.

ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ რეზიდენციაში კამპანიის წარმოება ქვეყნის კონსტიტუციით განსაზღვრული „ნეიტრალიტეტის პრინციპს“ არღვევდა.

საარჩევნო საბჭომ თავდაპირველად სანჩესი 500 ევროთი დააჯარიმა, რაც მან გაასაჩივრა და ამტკიცებდა, რომ პრემიერ-მინისტრები ყოველთვის იძლევიან ინტერვიუებს ოფიციალური რეზიდენციიდან.

პედრო სანჩესმა საბოლოოდ წააგო საჩივარი უზენაეს სასამართლოში და დაევალა, 2 420 ევრო გადაეხადა „სახალხო პარტიისთვის“. პედრო სანჩესი გახდა ესპანეთის პირველი პრემიერ-მინისტრი, რომელიც საარჩევნო საბჭომ დააჯარიმა, რომელმაც უზენაეს სასამართლოს მიმართა და პირველი პრემიერ-მინისტრი, რომელმაც ოპოზიციურ პარტიას ჯარიმა გადაუხადა.