ვახტანგ შაქარიშვილი - დედაქალაქში გარე რეკლამები ყოველგვარი სტანდარტის დარღვევით არის განთავსებული
თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი ვახტანგ შაქარიშვილი თბილისის მუნიციპალიტეტში გარე რეკლამების განთავსების შესახებ შესაძლო კორუფციასა და ამ ბიზნესის ერთი კომპანიის მიერ მონოპოლიაზე საუბრობს.
შაქარიშვილი ამბობს, რომ დღეს გარე რეკლამების ბიზნესი „ვისოლ ჯგუფში“ შემავალ კომპანია „ალმა პლიუსს“ აქვს მონოპოლიზებული, რომელსაც ამ ბაზრის 80 პროცენტი უკავია, ხოლო კომპანია „აუთდორ ჯიც“, რომელიც თბილისში სარეკლამო ბაზრის დანარჩენ ნაწილს აკონტროლებს, აგრეთვე „ალმა პლიუსის“ მენეჯმენტი ამუშავებს.
დეპუტატის თქმით, პრობლემა სათავეს 2009 წლიდან იღებს, როდესაც ერთგვერდიანი ხელშეკრულების საფუძველზე თბილისში გარე რეკლამის განთავსების ექსკლუზიური უფლება ფაქტობრივად ორ კომპანიას, „ალამსა“ და „აუთდორს“ გადაეცა.
„საკითხის დეტალური შესწავლისას, გამოიკვეთა სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც შესაძლოა, შეიცავდეს გარკვეული გარიგების და კორუფციის ნიშნებს. უნდა აღინიშნოს, რომ პრობლემა სათავეს იღებს, 2009 წლიდან, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, ერთგვერდიანი ხელშეკრულების საფუძველზე ფიქტიურად ორ კომპანიას, ხოლო ფაქტობრივად ერთ კომპანიას გადაეცა თბილისის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ექსკლუზიური უფლებამოსილება. 2014-2015 წლიდან, გარე რეკლამის განთავსებაზე დგება ახალი რეალობა, როდესაც „ვისოლ ჯგუფი“ ყიდულობს კომპანია „ალმას”. „ალმას“ ხელში კი აღმოჩნდა გარე რეკლამის განთავსების ექსკლუზიური უფლებამოსილება და ამასთან ერთად, მთლიანი ბიზნესის დაახლოებით 80%. ამ მონოპოლიურმა მდგომარეობამ პრობლემები შეუქმნა როგორც ამ სფეროში მოღვაწე სხვა ბიზნესჯგუფებს, საშუალო და მცირე ბიზნესს, ისე მუნიციპალიტეტს. გამომდინარე აქედან, ჩვენი ინიციატივით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი და შედგა რამდენიმე შეხვედრა მერიის სხვადასხვა სამსახურების მონაწილეობით. თითქოს მოხდა გარკვეულ გეგმაზე შეთანხმება, რაც აისახა ჩვენ მიერ ოფიციალურად გაგზავნილ წერილში, მაგრამ კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა და სამწუხაროდ, წერილზე პასუხიც კი არ მიმიღია”, – განაცხადა შაქარიშვილმა.