ვახტანგ მეგრელიშვილი - ტექნიკურად, არსებული კრიზისიდან სწორი გამოსავალი იქნებოდა რიგგარეშე არჩევნები, ლეგიტიმაციის განახლება ყველასთვის
ვახტანგ მეგრელიშვილი - ტექნიკურად, არსებული კრიზისიდან სწორი გამოსავალი იქნებოდა რიგგარეშე არჩევნები, ლეგიტიმაციის განახლება ყველასთვის

ტექნიკურად, არსებული კრიზისიდან სწორი გამოსავალი იქნებოდა რიგგარეშე არჩევნები, ლეგიტიმაციის განახლება ყველასთვის, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„მგონია, რომ მეც მაქვს გასაახლებელი ლეგიტიმაცია, ისევე, როგორც პოლიტიკაში მყოფ ნებისმიერ ადამიანს. ასე მისვლა 2024 წლის არჩევნებამდე ცოტა საშიში მეჩვენება. ჩემი აზრით, ის, რაც „ქართულმა ოცნებამ“ „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიღება-გაუქმებით და, ზოგადად, პოზიციონირებით გააკეთა, უკვე საკმარისია მისი ლეგიტიმაციის ეჭვქვეშ დასაყენებლად“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად არის კონსოლიდაცია როგორც „ქართულ ოცნებასთან“, ისე დანარჩენ ოპოზიციურ სპექტრთან, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის 1%-იანი ბარიერის შემოტანის საკითხი დადგეს, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკურ სპექტრთან არანაირი კონსოლიდაცია არ არსებობს.

„ჩვენ პირველი მოსმენით მიღებული გვაქვს 2%-იანი ბარიერი, რომელიც დღევანდელ სიტუაციაში შესაცვლელია და ბუნებრივამდეა დასაწევი. გახსოვთ, 2%-იანზე ქვემოთ ძალიან ბევრი იყო და 2%-იანი ბარიერის პირობებში პოლიტიკაში ახალი ადამიანის შემოსვლა არის ურთულესი ამოცანა, თითქმის შეუძლებელი. ისინი მაინც უნდა მივიდნენ რომელიღაც პარტიასთან. მაშინ, როდესაც ბუნებრივი ბარიერის შემთხვევაში, რაც არის 0,67%, დაახლოებით არის 15 000 ამომრჩეველი, 15 000 ამომრჩევლის ხმის მობილიზაცია კი შეუძლია ავტორიტეტის მქონე ადამიანს, რომელსაც არასოდეს არ ჰქონია საქმე პოლიტიკასთან. ანუ, მას შეუძლია, დააფუძნოს პარტია, ერთკაციანი პარტია, მარტივად რომ ვთქვათ, და ერთკაციანი პარტიებიდან ის ერთი ადამიანი, რომელიც 15 000 ამომრჩევლის ხმას მიიღებს, შეიძლება, აღმოჩნდეს პოლიტიკაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მეორე, ეს გვაძლევს ორი უზარმაზარი პარტიის დაშლის სტიმულს. მაგალითად, დღეს თუ შენ პოლიტიკაში გინდა და ამ კონკრეტულ პარტიულ დისციპლინას არ ემორჩილები, ფაქტობრივად, პოლიტიკიდან ვარდები. ეს პარტიები თავის პოლიტიკოსებს ინარჩუნებენ იმის ხარჯზე, რომ მათ არანაირი პერსპექტივა არ გააჩნიათ თავიანთი პარტიების მიღმა“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, რამდენად არის მოსალოდნელი, რომ ორმა დიდმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მხარი დაუჭიროს საარჩევნო სისტემას, რომელიც მათ ძალაუფლებას დააკარგვინებს, ვახტანგ მეგრელიშვილმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ ამას არ იზამს, ისევე, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“ არ იზამს დღევანდელ სიტუაციაში.

„არც „ნაციონალური მოძრაობის“ იმედი არ მაქვს, თუმცა ეს პოლიტიკურად ძალიან დამაზიანებელი იქნება, განსაკუთრებით, ოპოზიციისთვის. არ მჯერა, რომ „ქართული ოცნება“ ამას გააკეთებს და ამიტომ ვთქვი, რომ რიგგარეშე არჩევნები ამას ძალიან შეუწყობდა ხელს, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, წელიწად-ნახევარია არჩევნებამდე და ამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში, თუ ოპოზიციამ რამეზე უნდა იმუშაოს და ისაუბროს, საწყისი წერტილი არის ბარიერის საკითხი“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.