ვახტანგ მეგრელიშვილი - გამიხარდა, რომ სააკაშვილს კარგად უვლიან, გარეგნულადაც ეტყობა, კლინიკის უკან დენდროლოგიური პარკია და იქ დასვენების საშუალება თუ მიეცემა, სრულიად იდეალურ მდგომარეობაში იქნება
ვახტანგ მეგრელიშვილი - გამიხარდა, რომ სააკაშვილს კარგად უვლიან, გარეგნულადაც ეტყობა, კლინიკის უკან დენდროლოგიური პარკია და იქ დასვენების საშუალება თუ მიეცემა, სრულიად იდეალურ მდგომარეობაში იქნება

გამიხარდა ის, რომ მიხეილ სააკაშვილს კარგად უვლიან, საცხოვრებელი პირობები გადასარევი ჰქონია, ეს მას გარეგნულადაც ეტყობა. რომ დავფიქრდი, რატომაც არა, მზის შუქზე გასეირნება ადამიანის უფლება იყოს, შეიძლება „ვივამედს“ სახურავზე ეზოს განთავსება მოუწიოს, რომ მსგავსი ფუნქციები შეასრულოს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

მეგრელიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკას და ტელეეთერებს უნდა დაუბრუნდეს.

„სხვათა შორის, უკან დენდროლოგიური პარკია და შეთანხმება თუ იქნება, ეკოლოგიურად სწორ გარემოში პატიმრებს დასვენების საშუალება ექნებათ. მიხეილ სააკაშვილი ამის შემდეგ სრულიად იდეალურ მდგომარეობაში იქნება. მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკას და ტელეეთერებს უნდა დაუბრუნდეს. თავის დროზე იტყუებოდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი კვდებოდა და ჩემი კოლეგებისთვის მძიმე ისტორიაა. ძალიან მძიმე შეცდომების დრო გაიარა „ნაცმოძრაობამ“ სააკაშვილის დახმარების ამ ნაწილში, შიმშილობებით და ა.შ. დადასტურდა, რომ სააკაშვილს არავინ ერჩის, პირობებიც ნორმალურია. ეს იუმორის ხასიათზე გაყენებს, როცა მსგავს შენიშვნებს აღმოაჩენ. რასაც მეკითხებით, ტყუილები რომ მთავრდება, ადამიანებს რცხვენიათ თუ არა, გპასუხობთ, რომ უნდა რცხვენოდეთ, მაგრამ ადამიანები ტყუილებს ეჩვევიან და ეს პრობლემაა“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

„წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი“ კლინიკა „ვივამედში“ სააკაშვილისა და იქ მყოფი სხვა პატიმარი პაციენტების პირობების შესახებ შეფასებას აქვეყნებს და გარკვეულ რეკომენდაციებს გასცემს. შეფასებაში აღნიშნულია, რომ ყველა პატიმარი, რომელიც „ვივამედის“ დაცულ ნაწილში იმყოფებოდა, დათანხმდა იქ მკურნალობას ნებაყოფლობით ან საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე. მათი უმრავლესობა კმაყოფილია მიღებული მკურნალობით.

„თითქმის ყველა ოთახს დიდი ფანჯრები ჰქონდა, რაც უზრუნველყოფდა კარგ ბუნებრივ განათებას და სასიამოვნო ხედს. თუმცა ეს არ ეხებოდა სააკაშვილის ოთახს, სადაც ფანჯრებში დაბურული შუშა იყო ჩასმული და პრაქტიკულად არ იღებოდა (კლინიკაში მიღების შემდეგ, ცხრა თვეზე მეტი ხნის განმავლობაში). ამ კონტექსტში, საქართველოს ხელისუფლებამ აცნობა კომიტეტს თავის 2023 წლის 12 აპრილის წერილში, რომ ფანჯრებში დაბურული შუშები შეიცვალა და ბ-ნ ს.-ს მიეცა გარე ხედისა და მზის შუქის ხილვის საშუალება. კომიტეტი მიესალმება ამ პოზიტიურ ნაბიჯს. სააკაშვილის ოთახი კარგად მოწყობილია (მას ჰქონდა დივანი, მაგიდა, სკამები და მაცივარი), განსხვავებით მე-4 და მე-6 სართულების ოთახებისა, სადაც პაციენტების ოთახებში ძირითადად მხოლოდ საწოლები და პატარა კარადები იყო განთავსებული, არ ჰქონდათ სკამები და მაგიდები (გარდა რამდენიმე ოთახისა, სადაც უფრო მძიმედ დაავადებული პაციენტები იმყოფებოდნენ), რაც ნიშნავდა, რომ პაციენტებს საკვების მიღება მხოლოდ საწოლზე მჯდომარეებს შეეძლოთ (არ იყო გამოყოფილი სასადილო ოთახები). დელეგაციამ ნათლად დაინახა, რომ პაციენტების უმეტესობა არ იყო საწოლზე მიჯაჭვული. კომიტეტი „ვივამედის“ კლინიკის მე-4 და მე-6 სართულების პაციენტების ოთახების ავეჯით უზრუნველყოფის რეკომენდაციას იძლევა, ზემოაღნიშნული შენიშვნების გათვალისწინებით“, – აღნიშნულია კომიტეტის შეფასებაში, სადაც ასევე ნათქვამია, რომ „არცერთ პაციენტს არ ჰქონდა გარე ვარჯიშის ან გასეირნების საშუალება, რადგან კლინიკას არ აქვს ეზო“.