ვახტანგ მეგრელიშვილი - თემურ ალასანიას განცხადება აბსურდია, აფხაზეთის ომით დაბრუნება არ წარმომიდგენია, ისინი მშვიდობით უნდა დავიბრუნოთ
ვახტანგ მეგრელიშვილი - თემურ ალასანიას განცხადება აბსურდია, აფხაზეთის ომით დაბრუნება არ წარმომიდგენია, ისინი მშვიდობით უნდა დავიბრუნოთ

„გირჩის“ წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის შეფასებით, თემურ ალასანიას განცხადება აბსურდია.

მეგრელიშვილმა კომენტარი გააკეთა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას იმ განცხადებაზე, სადაც ალასანია ამბობს: „სად გინახავთ წართმეული ტერიტორიის მარტო მშვიდობიანი გზით დაბრუნება, დავიჭიროთ სანთელი, სამჯერ შემოვუაროთ აფხაზეთს, ვთქვათ „ფუი, ეშმაკს“ და დაგვიბრუნდება, ეს არ მოხდება“.

„რა უნდა ვიომოთ, ჯერ საკუთარი თავი არ გაგვირკვევია, საერთოდ, რა ვექტორი გვაქვს და რას ვაკეთებთ. უაზრობას ვაკომენტარებ. ჯერ საკუთარი თავისთვის გვაქვს მისახედი, ვიდრე აფხაზეთის ომით დაბრუნებაზე დაიწყებს ვინმე ლაპარაკს. ეს განცხადება აბსურდია. თუ ვინმესთან ძალით წავაგეთ, ეს რუსეთი იყო და რუსეთისგან ამ ტერიტორიების ომით დაბრუნება, რუსეთი რა მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს, უბრალოდ, აბსურდი მგონია. შეიძლება, ზოგადი კონტექსტი შეიქმნას, მაგრამ აფხაზეთის ომით დაბრუნება მაინც არ წარმომიდგენია. ისინი მშვიდობით უნდა დავიბრუნოთ. თუ რუსებს გულისხმობთ, როგორც აგრესორს, ძალიან გადაჭარბებული მგონია, ვინმემ თქვას, რომ საქართველომ ტერიტორიები რუსეთისგან ომით უნდა დაიბრუნოს“, – განუცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა საქართველოს პირველ არხს.