ვახტანგ მახარობლიშვილი - საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეჩერება ევროკავშირის დღის წესრიგში არ დგას
ვახტანგ მახარობლიშვილი - საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეჩერება ევროკავშირის დღის წესრიგში არ დგას

ქართული მხარის მიერ გაწეული ძალისხმევა პოზიტიურად არის შეფასებული, როგორც გერმანიის, ასევე სხვა წევრი სახელმწიფოების მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა განაცხადა.

როგორც ვახტანგ მახარობლიშვილმა აღნიშნა, ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები პოზიტიურად აფასებენ, როგორც ქართული მხარის მიერ გაწეულ ძალისხმევას, ასევე იმ დინამიკას, რომელიც არსებობს ამ ეტაპზე.

„მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მიმდინარე ეტაპზე საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეჩერება ევროკავშირის დღის წესრიგში არ დგას. ქართული მხარე ძალიან აქტიურად თანამშრომლობს, როგორც ევროკავშირთან და მის შესაბამის სააგენტოებთან, ასევე წევრ ქვეყნებთან. მოგეხსენებათ, რომ უვიზო რეჟიმის ძალაში შესვლის დღიდან, საქართველოს შესაბამისი უწყებები ასრულებდნენ იმ ვალდებულებებს, რომლებიც აღებული გვქონდა შესაბამისი სამოქმედო გეგმის მიხედვით. მას შემდეგ, რაც გამოიკვეთა კონკრეტული პრობლემატიკა  თავშესაფრის უსაფუძვლოდ მოთხოვნებთან და ამ პროცედურების დარღვევებთან დაკავშირებით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ასეთი პრობლემების გადაჭრას. მიმდინარეობს აქტიური საინფორმაციო კამპანია შესაბამისი უწყებების მხრიდან. შესაბამის საკანონმდებლო ცვლილება უკვე განხორციელდა, მიმდინარეობს სხვა დისკუსიები შესაძლო საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად”, – განაცხადა მახარობლიშვილმა.

მისივე თქმით, კიდევ უფრო გააქტიურდა თანამშრომლობა და მუშაობა, როგორც ევროკავშირის სააგენტოებთან, ასევე მის წევრ ქვეყნებთან, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან.

მახარობლიშვილის განცხადებით, შედგა არაერთი შეხვედრა, ვიზიტი, მათ შორის გერმანიაში, განხორციელდა შს მინისტრის ვიზიტი და მათი მხრიდან საქართველოში ჩამოვიდა გერმანიის შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები, გაიმართა საინტერესო, პროდუქტიული დისკუსიები.

„უნდა აღინიშნოს, რომ მაისის ბოლოს იგეგმება შს მინისტრის ვიზიტი გერმანიაში და არა მარტო გერმანიაში. აქტიური თანამშრომლობა მიდის სხვა წევრ ქვეყნებთანაც, განსაკუთრებით იმ ქვეყნებთან, რომელთანაც ბოლო თვეებში გარკვეული პრობლემატიკა გამოიკვეთა.  ერთობლივმა ძალისხმევამ შედეგები მოიტანა და გვაქვს პოზიტიური დინამიკა. მნიშვნელოვანია  ამ დინამიკის შენარჩუნება. გარდა ძალისხმევისა, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში ქართული მხარის მიერ იქნა გაწეული, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმაც მიიღეს ზომები. ქვეყნების ნაწილმა საქართველო აღიარა როგორც უსაფრთხო ქვეყნად, ხოლო დანარჩენმა ნაწილმა, ვისაც ამ ეტაპზე სხვადასხვა პროცედურული მიზეზების გამო, ამის შესაძლებლობა არ აქვს, უკვე შეამცირა პერიოდი იმ პროცედურების განხილვისთვის, რომელიც საჭიროა თავშესაფრის მაძიებლის სტატუსის დამტკიცებისა თუ დადასტურებისთის. თავშესაფრით დაკმაყოფილება პრაქტიკულად არ ხორციელდება ევროკავშირის მხრიდან, რადგან საქართველო პრაქტიკულად მთელი შენგენის ზონის სივრცეში მიჩნეულია, როგორც უსაფრთხო ზონის ქვეყანა”, – განაცხადა მახარობლიშვილმა.

„დოიჩე ველემ“დღეს გამოაქვეყნა სტატია სათაურით, „საქართველოს მოქალაქეები უვიზო რეჟიმით ბოროტად სარგებლობენ“. პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესახებ ევროკავშირთან შეთანხმება ერთი წლის წინ გააფორმა, თუმცა სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელი ქართველების რიცხვი დრამატულად გაიზარდა.