ვახტანგ მახარობლიშვილი - ირაკლი კობახიძისა და რობერტა მეცოლას შეხვედრაზე საუბარი კანდიდატის სტატუსთან მიმართებით, ასევე ევროპარლამენტსა და საქართველოში დაგეგმილ არჩევნებზე იქნება
ვახტანგ მახარობლიშვილი - ირაკლი კობახიძისა და რობერტა მეცოლას შეხვედრაზე საუბარი კანდიდატის სტატუსთან მიმართებით, ასევე ევროპარლამენტსა და საქართველოში დაგეგმილ არჩევნებზე იქნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას შეხვედრაზე საუბარი იქნება ახალ ნაბიჯებსა და შესაძლებლობებზე, რაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამ მოიტანა, – ამის შესახებ ევროკავშირში საქართველოს ელჩმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე მხარეები ასევე ისაუბრებენ ევროკავშირსა და საქართველოში დაგეგმილ არჩევნებსა და მის მნიშვნელობაზე.

„გრძელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში და დღეს ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, რობერტა მეცოლასთან გაიმართება შეხვედრა. ბუნებრივია, საუბარი ისევ და ისევ შედგება გასული წლის დეკემბრის გადაწყვეტილებასა და იმ ახალ ნაბიჯებსა და შესაძლებლობებთან მიმართებით, რომლებიც მოიტანა დეკემბრის გადაწყვეტილებამ, კერძოდ, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამ. ყველა ამ ეტაპზე და პროცესში ხაზი გაესმება ევროპარლამენტის როლს და მისი მხარდაჭერის მნიშვნელობას. როგორც საქართველოში, ასევე ევროკავშირში წლევანდელი წელი მნიშვნელოვანია საარჩევნო კონტექსტში – არის ევროპარლამენტის არჩევნები, ასევე საქართველოში საპარლამენტო არჩევნები, შესაბამისად, მხარეები ისაუბრებენ აღნიშნულ თემატიკაზე და ხაზს გაუსვამენ მის მნიშვნელობას“, – განაცხადა მახარობლიშვილმა.