ვახტანგ მახარობლიშვილი - რობერტა მეცოლა და ირაკლი კობახიძე შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე, რათა ევროპარლამენტმა მომავალშიც მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს ევროკავშირის წევრობის გზაზე
ვახტანგ მახარობლიშვილი - რობერტა მეცოლა და ირაკლი კობახიძე შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე, რათა ევროპარლამენტმა მომავალშიც მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს ევროკავშირის წევრობის გზაზე

რობერტა მეცოლასა და ირაკლი კობახიძის შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე, რამეთუ ევროპარლამენტმა მომავალშიც მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, – ამის შესახებ ევროკავშირში საქართველოს ელჩმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა განაცხადა.

მახარობლიშვილის თქმით, რობერტა მეცოლამ საქართველოს პრემიერს მხარდაჭერა აღუთქვა პროცესებში, რომლებიც, მათ შორის, ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით მიმდინარეობს.

„ევროპარლამენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი ევროკავშირის, შესაბამისად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან იყო ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიულოცა ევროპული საბჭოს დეკემბრის გადაწყვეტილება, აღუთქვა მხარდაჭერა იმ პროცესებში, რომლებიც მიმდინარეობს და რომლებიც მომავალში უნდა განხორციელდეს, მათ შორის, ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით. მხარეებმა ასევე ისაუბრეს პოლიტიკურ გარემოზე როგორც ევროკავშირის შიგნით, ასევე საქართველოში. მოგეხსენებათ, მიმდინარე წელს ევროპარლამენტში არის არჩევნები, ისევე როგორც საქართველოში, შესაბამისად, მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები მოლოდინებზე არჩევნებთან მიმართებით. შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზეც, რამეთუ, ბუნებრივია, ევროპარლამენტმა მომავალშიც მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე“, – განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიუსელში შეხვედრებს განაგრძობს. მთავრობის მეთაური დღეს ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რობერტა მეცოლას შეხვდა. ასევე, კობახიძე შეხვდება ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს.