საგარეო უწყება - ევროკავშირისა და გერმანიის ელჩებს გადაეცათ ქართული მხარის შეშფოთება ევროკავშირსა და გერმანიაში გამართულ შეხვედრებში ზურაბ ადეიშვილის მონაწილეობის გამო
საგარეო უწყება - ევროკავშირისა და გერმანიის ელჩებს გადაეცათ ქართული მხარის შეშფოთება ევროკავშირსა და გერმანიაში გამართულ შეხვედრებში ზურაბ ადეიშვილის მონაწილეობის გამო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, პაველ ჰერჩინსკისა და საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან, პეტერ ფიშერთან შეხვედრა გაიმართა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, „ელჩებს ოფიციალურად გადაეცათ ქართული მხარის შეშფოთება ევროკავშირსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გამართულ ვიზიტებსა და შეხვედრებში საქართველოს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის დამნაშავედ აღიარებული და ძებნილი პირის, ზურაბ ადეიშვილის მონაწილეობის გამო“.

„როგორც ელჩებს განემარტათ, ზურაბ ადეიშვილი დამნაშავედ არის ცნობილი გახმაურებულ საქმეებზე და სამწუხარო ფაქტია, რომ პირი, რომლის დანაშაულებრივი ქმედებები მიმართული იყო დემოკრატიული, სამართლიანი სახელმწიფო პრინციპების წინააღმდეგ, ევროკავშირის ქვეყნებში ოფიციალურ ფორმატებში იღებს მონაწილეობას, რაც, ბუნებრივია, სამართლიან შეშფოთებას იწვევს ქართულ საზოგადოებაში და ხელს არ უწყობს ანტიდასავლური განწყობების წინააღმდეგ მიმართული ძალისხმევის ეფექტიანობას. შეხვედრაზე იმედი გამოითქვა, რომ ევროკავშირის და წევრი სახელმწიფოების მხრიდან მომავალში სათანადო რეაგირება მიეცემა მსგავს ფაქტებს. საგარეო უწყებაში ელჩებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზაობა, მჭიდროდ ითანამშრომლონ როგორც ორმხრივი ურთიერთობის აქტიური დღის წესრიგის საკითხების ირგვლივ, ასევე საქართველოს ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციის პროცესში პროგრესისთვის“, – განმარტავენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.