ვახტანგ მახარობლიშვილი - მაიკლ გალერი არ არის პირველი ევროპარლამენტარი, რომელიც მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ქმედითი და აქტიური პარლამენტი
მაიკლ გალერი არ არის პირველი ევროპარლამენტარი და ზოგადად ევროკავშირის წარმომადგენელი, რომელიც მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ქმედითი და აქტიური პარლამენტი, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროპარლამენტის გარდა, მსგავს პოზიციას აფიქსირებენ ევროკავშირის საბჭოს წარმომადგენლებიც.
ამასთან, მახარობლიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ დამატებითი ცვლილებები და რეფორმები, რომელიც შესაძლოა, საჭირო იყოს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით, შემუშავებული იყოს აქტიური პარლამენტის მიერ.
„მაიკლ გალერი არ არის პირველი ევროპარლამენტარი და ზოგადად ევროკავშირის წარმომადგენელი, რომელიც მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ქმედითი და აქტიური პარლამენტი. ევროკავშირი იმ დასკვნებს იზიარებს, რომელიც სადამკვირვებლო მისიების მიერ არის დადებული. ევროპული მხარის შეფასებითაც, ის დამატებითი ცვლილებები და რეფორმები, რომელიც შესაძლოა, საჭირო იყოს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ აქტიური პარლამენტის მიერ იყოს შემუშავებული. ამიტომ, არ მიკვირს გალერის მოსაზრება. ევროპარლამენტის გარდა, მსგავს პოზიციებს აფიქსირებენ როგორც ევროკომისიის, ასევე ევროკავშირის საბჭოს წარმომადგენლებიც“, – განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.
ევროპული სახალხო პარტიის საგარეო საქმეთა წარმომადგენელი, ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი მოუწოდებს ოპოზიციას, „პარლამენტში ადგილები დაიკავონ“.
„თუ არჩევნების გაკრიტიკება გსურს, ამის გაკეთება საპარლამენტო სცენიდან, სესიაზე მიკროფონით უფრო რელევანტურია, – განაცხადა მაიკლ გალერმა.