მაიკლ გალერი - ყველას მოვუწოდებ, რომ პარლამენტში ადგილები დაიკავონ, თუ არჩევნების გაკრიტიკება გსურს, ამის გაკეთება საპარლამენტო სცენიდან უფრო რელევანტურია
მაიკლ გალერი - ყველას მოვუწოდებ, რომ პარლამენტში ადგილები დაიკავონ, თუ არჩევნების გაკრიტიკება გსურს, ამის გაკეთება საპარლამენტო სცენიდან უფრო რელევანტურია

ყოველთვის ყველას მოვუწოდებ, რომ პარლამენტში ადგილები დაიკავონ. თუ არჩევნების გაკრიტიკება გსურს, ამის გაკეთება საპარლამენტო სცენიდან, სესიაზე მიკროფონით უფრო რელევანტურია, – ამის შესახებ ევროპული სახალხო პარტიის საგარეო საქმეთა წარმომადგენელმა, ევროპარლამენტარმა მაიკლ გალერმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, „სამწუხაროდ, არჩევნების შემდეგ შექმნილი უხერხული სიტუაცია კვლავ გრძელდება“.

„ევროკავშირმა გასულ წელს, პოლიტიკური შფოთების დროს, თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთა. მათ ადგილზე მოლაპარაკებებისა და მედიაციის სახით სხვადასხვა პოლიტიკური ძალა მაგიდის ირგვლივ შეკრიბეს და შეთანხმების მიღწევა შეძლეს. მესმის, რომ სამწუხაროდ, არჩევნების შემდეგ შექმნილი უხერხული სიტუაცია კვლავ გრძელდება. მიუხედავად იმისა, იყო თუ არა თანაბარი გარემო, ყველა ქვეყანაში, საქართველოს ჩათვლით, ყოველთვის ყველას მოვუწოდებ, რომ პარლამენტში ადგილები დაიკავონ. თუ არჩევნების გაკრიტიკება გსურს, ამის გაკეთება საპარლამენტო სცენიდან, სესიაზე მიკროფონით უფრო რელევანტურია. და მაინც, ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელსაც კომფორტული უმრავლესობა აქვს. როდესაც არჩევნებზეა საუბარი, თუ როგორ ჩატარდა ის, ყოველთვის ვამბობ, რომ არაერთ არჩევნებს დავკვირვებივარ, ბოლოს საქართველოშიც (2020-ს არ ვგულისხმობ). არჩევნები მთლიანი პროცესია, სამართლებრივი მოწყობით, მომზადებით, ის მხოლოდ საარჩევნო დღე არ არის, ან ის თუ რამდენად სწორად ითვლიან ხმებს, ან არიან თუ არა საარჩევნო უბნებთან ხალხი, რომლებიც დამაშინებლად გამოიყურებიან. მე ეს ადრეც მინახავს და ჩვენ ეს ახლაც ვნახეთ. ეს ცუდი ჩვევებია, ამ რეალობის წინაშე ამომრჩევლები არ უნდა იდგნენ. ჩვენ თანამშრომლობის ფარგლებში დადებული შეთანხმებების შესრულებას ვითხოვთ, რომელიც კარგ მმართველობას და დემოკრატიულ მოწყობას ეხება.

შესაბამისად, სამიტისას ჩვენ სხვადასხვა ქვეყნის შესახებ დეტალურ შეფასებებს ვაკეთებთ. რაც გასაკრიტიკებელი იქნება, გავაკრიტიკებთ, ხოლო ის, რაც მისაღებია – მივიღებთ. თუმცა, საერთო ჯამში, იმას, რაზეც საქართველოსთან შევთანხმდით, დიდი გზა აქვს გასავლელი და ეს თქვენი შესასრულებელია. ჩვენი მხრიდან, ევროკავშირის მხრიდან, მეტი გვაქვს შესათავაზებელი. არ უნდა ვთქვათ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის გასული ათი წელი არის ის, რაც მომდევნო ათი წლის განმავლობაში უნდა ვნახოთ. არა, მეტია საჭირო, უფრო ამბიციური დღის წესრიგი, თანამშრომლობის ახალი მიმართულებები, რათა ევროკავშირის პროგრამებსა და კოოპერაციის შესაძლებლობებში ჩაერთოთ.

ვისურვებდი, რომ საქართველომ წევრობაზე განაცხადი გააკეთოს მაშინ, როცა ყველაფერ იმას გააკეთებს, რაც გასაკეთებელი აქვს. თუმცა ამჟამად, სამწუხაროდ, ამ წერტილამდე ჯერ ნამდვილად არ მისულხართ. ვხედავ, რომ ამ მიმართულებით პოლიტიკაში ნამდვილი კონსენსუსია. სამოქალაქო საზოგადოებაშიც, იქ ბევრი ადამიანია, განსაკუთრებით ახალგაზრდები, რომელბიც ამ მიმართულებით აქტიურობენ. შესაბამისად, მომავალი ოპტიმიზმითაა სავსე, მაგრამ ამჟამად, პოლიტიკური პოლარიზაცია იმისკენ არ მიანიშნებს, რომ ქვეყანა ნამდვილად სწორ კურსზეა, მიმდინარე შიდა მღელვარების გამო“, – განაცხადა მაიკლ გალერმა.